თბილისი, 5 აგვისტო— Sputnik. ბათუმში ერთ-ერთ საშაურმეში უცხოეთის მოქალაქემ საქართველოს მოქალაქე დაჭრა, იუწყება ინტერნეტ-გამოცემა „ბათუმელები“.
შემთხვევა გორგილაძის ქუჩაზე გუშინ, საღამოს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საშაურმეს ტერასაზე გვერდიგვერდ მაგიდებთან ქართველი და უცხოელი ახალგაზრდები ისხდნენ. მათ შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რაც კონფლიქტში გადაიზარდა. შედეგად უცხოეთის მოქალაქემ ახალგაზრდა მამაკაცი დანით ფეხის არეში დაჭრა.
დაჭრილი მამაკაცი „სასწრაფო დახმარებამ“ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავის ვინაობა დაადგინეს და მისი დაკავება შეძლეს. იგი აღიარებს დანაშაულს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება „ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების“ მუხლით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.