ირაკლი ოქრუაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დარჩება

142
სააპელაციო სასამართლომ არ განიხილა ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი

თბილისი, 31 ივლისი - Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ მიიღო განსახილველად თავდაცვის ყოფილი მინისტრის, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის აპელაცია აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე, იუწყება პირველი არხი.

ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას აკეთებს და ვიდეოს აქვეყნებს >>

ირაკლი ოქრუაშვილი 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე 25 ივლისს დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარედგინა, რომლის დამტკიცების შემთხვევაში ოქრუაშვილს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს თბილისში რუსი დეპუტატის ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ანტისამთავრობო გამოსვლებსა და არეულობებში გადაიზარდა. მომიტინგეები პარლამენტის წინ პოლიციას დაუპირისპირდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივლისს ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეშია გადაყვანილი.

ოქრუაშვილის ადვოკატები 50 ათასი ლარის გირაოს საფუძველზე მის გათავისუფლებას მოითხოვდნენ, თუმცა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვაზე უარი განაცხადა.

თბილისში 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ გამოძიება ორი მიმართულებით დაიწყო. პირველი პოლიციელთა მიერ ძალის გადამეტებას ეხება. მეორე მიმართულებით კი გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით – „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა" და „ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად".

უფლებადამცველი: ზოგადი არგუმენტებით პატიმრობის მისჯა დაუშვებელია >>

მეორე საქმის ფარგლებში არეულობებში მხოლოდ მონაწილეობის ბრალდებით სულ დაკავებულია აქციის 17 მონაწილე.

ყველაზე მკაცრი ბრალდება წაყენებული აქვთ თავდაცვის ექს-მინისტრსა და ოპოზიციური პარტია  „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილსა და პარლამენტის დეპუტატს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ნიკა მელიას – მას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა ედება ბრალად. პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა, თუმცა სასამართლომ იგი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. დეპუტატს ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და საკუთარი საცხოვრებელი სახლის დატოვება სამართალდამცავი ორგანოების გაფრთხილების გარეშე აუკრძალეს.

142
თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (369)