თბილისის საქალაქო სასამართლო

მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

131
ბანკირების საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა 12 სექტემბერს გაიმართება

თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა.

პარასკევს სასამართლომ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს გირაოს სახით 700 ათასი ლარი შეუფარდა და აუკრძალა ქვეყნის დატოვება პროკურატურის ნებართვის გარეშე.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გირაო შეეფარდათ >>

ადვოკატის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებულია და მთლიანად გასაჩივრდება.

„დაცვის მხარის პოზიციებს განჩინებაში აქვს მხოლოდ ერთი აბზაცი მიძღვნილი და იმაზეც არ არის პასუხი გაცემული. ყველაფერი გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში. სამწუხაროდ, არგუმენტაცია არ არსებობს განჩინებაში, თუ რატომ უნდა შეფარდებულიყო. ზოგადი ფრაზები წერია განჩინებაში, რომ არსებობს ფაქტობრივი და ფორმალური გარემოებები. რაც შეეხება ქვეყნიდან გასვლას, ამაზე საერთოდ არ აქვს მსჯელობა. და ამიტომ ვთხოვთ სააპელაციო სასამართლოს, რომ გააუქმოს აღნიშნული განჩინება და არ გამოიყენოს აღკვეთი ღონისძიება“, - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ სასამართლო განჩინება დიდი დაგვიანებით გადაეცათ.

„გავასაჩივრეთ სასამართლოს განჩინება. სამწუხაროდ, ის ძალიან დაგვიანებით ჩაგვბარდა, სულ 48 საათია გასაჩივრებისთვის და ჩაგვბარდა 8 საათით ადრე და ამ დროში რაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი დავაფიქსირეთ“, - განაცხადა მან.

პროკურატურის ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას ადვოკატი აბსურდულს უწოდებს.

„ბიზნესმენებისთვის, რომლებიც უცხოეთში დადიან  არა გასართობად, არამედ სამსახურის საქმეებზე, ანაკლიის პორტზე ინვესტორებთან მოლაპარაკებების პროცესში, ეს აბსურდულია“, - განაცხადა კორძაძემ.

პროკურატურამ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს დაახლოებით 17 მლნ დოლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში ბრალი ოთხშაბათს წაუყენა. საუბარი TBC Bank–ის 2008 წლის ერთ–ერთ საბანკო ოპერაციას ეხება. 

ხაზარაძე TBC Holding-ის დამფუძნებელია, რომელმაც ამერიკულ კომპანია Conti International LLC-თან ერთად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დააფუძნა. სწორედ ეს კონსორციუმი აშენებს ანაკლიაში პირველ ღრმაწყლოვან პორტს.

პრემიერი მამუკა ხაზარაძის საქმეზე აშშ-ის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა >>

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის“ მფლობელი კომპანიის – „თიბისი ბანკის ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები დატოვეს. ხაზარაძის განცხადებით, ისინი ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, რათა მათ წინაშე წაყენებულმა ბრალდებებმა არ იქონიოს გავლენა ჯგუფის საქმიანობაზე, ხოლო თავად თავისუფლად შეძლონ დავის გაგრძელება. ხაზარაძე ამ სტრუქტურებში თავმჯდომარე იყო, ხოლო ჯაფარიძე - მისი მოადგილე.

მეტიც, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" მმართველ საბჭოში თანამდებობის დატოვებას აპირებენ. როგორც ხაზარაძემ განაცხადა, ისინი გადაიწევიან უკანა პლანზე, „რათა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს სპეკულაცია, რომ ჩვენ რაღაცას ვეფარებით“.

ადრე ადვოკატმა განაცხადა, რომ საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა სექტემბერში გაიმართება.

„სამართლიანობის აღსადგენად ბრძოლას 12 სექტემბერს დავიწყებთ. ამასთან, პროკურატურამ განაცხადა, რომ ამ საქმეში დაზარალებული მხარე არ არის და არც იქნება“, - აღნიშნა კორძაძემ.

131
თემები:
სკანდალი TBC BANK–ის წინააღმდეგ (58)