ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოქრუაშვილს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 27 ივლისი - Sputnik. თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას,  მონაწილეობასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს, განაცხადა პირველი არხის ეთერში მისმა ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს - ვიდეო >>

ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ– ერთი ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე 25 ივლისს დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოქრუაშვილს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„ბრალდების ფორმულირება ასეთია, რომ 20 ივნისს საპროტესტო აქციაზე შეკრებილ ხალხში ზოგიერთებმა დაიწყეს ძალადობა და მათ შორის იყო ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც თითქოს მოუწოდებდა ხალხს ამ ძალადობისკენ და პარლამენტში შეჭრისკენ“, – განაცხადა  მამუკა ჭაბაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილი - Sputnik საქართველო
ირაკლი ოქრუაშვილი თავად ირაკლი ოქრუაშვილმა დაიჭირა?

რაც შეეხება მტკიცებულებებს, ადვოკატის თქმით, იმ ვიდეომასალის გარდა, რასაც ეყრდნობა ბრალდება, ეს არის როგორც ყოველთვის პოლიციელთა, სპეცრაზმელთა ჩვენებები და სხვა არაფერი.

„აქედან რომ წავალ, გადმომცემენ მათ ჩვენებებს. რაც შეეხება მის პოზიციას, ის უარყოფს დანაშაულს. ყველამ ნახა, რომ იქ არანაირი მოწოდება მისი მხრიდან არ ყოფილა. სულ ცოტა ათამდე მოწმე გვყავს, რომლებიც დილამდე მის გვერდით იყვნენ და ნახეს, რასაც აკეთებდა ირაკლი ოქრუაშვილი“, – აღნიშნა ადვოკატმა.

მამუკა ჭაბაშვილის თქმით, შესაძლოა სასამართლომ ოქრუაშვილისაც  შეუზღუდოს გადაადგილება, როგორც ეს ნიკა მელიას შემთხვევაში მოხდა.

„რეალობას თუ შევხედავთ, პატიმრობას თუ ასცდება, არ არის გამორიცხული, როგორც მელიას შემთხვევაში სამაჯურით და სხვა ფორმის აკრძალვებით რომ გააჩერონ და სახლიდან არ გამოვიდეს. არ ვართ თანახმა ამ აკრძალვების. ფაქტობრივად, ეს მისთვის იქნება ციხეში ჯდომის ტოლფასი“, – განაცხადა ადვოკატმა.

ირაკლი ოქრუაშვილი - Sputnik საქართველო
ოქრუაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები: გამოხმაურება სოციალურ ქსელებში, და არა მხოლოდ...

აქცია, რომელიც 20 ივნისს თბილისში რუსი დეპუტატის ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ანტისამთავრობო გამოსვლებსა და არეულობებში გადაიზარდა. მომიტინგეები პარლამენტის წინ პოლიციას დაუპირისპირდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა.

გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით – „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა" და „ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი".

ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე 23 ივლისს გამოიკითხა.

ოქრუაშვილის თანამოაზრეებმა მას პოლიტპატიმარი უწოდეს >>

აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიცემულია 17 პირი, მათ შორისაა პარლამენტის დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან" ნიკა მელია.

ყველა ახალი ამბავი
0