ხე-ტყით დატვირთული სატვირთოები

ხე-ტყის უკანონო ჭრა: ყველაზე მეტი შემთხვევა კახეთში დაფიქსირდა

105
(განახლებულია 15:00 06.07.2019)
სამართალდამცველებმა ჯამში უკანონოდ მოპოვებული 12 429 კუბური/მეტრი ხე-ტყე ამოიღეს.

თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. სამართალდამცველებმა 2019 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1121 ფაქტი გამოავლინეს, იუწყება ტელეკომპანია  Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, გამოვლენილ ფაქტებს შორის 93 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 447 ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით- 88, იმერეთში - 119, გურიაში - 16, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში- 18, აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 100, მცხეთა-მთიანეთში- 32, შიდა ქართლში - 57, ქვემო ქართლის მასშტაბით- 102, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 130, ხოლო თბილისში - 12 ფაქტი დაფიქსირდა.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჯამში  უკანონოდ მოპოვებული 12 429 კუბური/მეტრი ხე-ტყე ამოიღეს.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 278 ფაქტი და ამოღებულია 120 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

105
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1536)
მეხანძრე

ხანძარი სვანეთში: ცეცხლთან ბრძოლა სრულდება დარჩენილია რამდენიმე მხრჩოლავი კერა

39
(განახლებულია 14:50 09.07.2020)
მობილიზებული იყო დამატებითი ცოცხალი ძალა თბილისიდან, ასევე ქვემო ქართლის, აჭარისა და იმერეთის რეგიონებიდან

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. სვანეთში, სოფელ ხაიშთან ხანძრის ოთხი აქტიური კერიდან სამი უკვე ლიკვიდირებულია, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი ხელმძღვანელობენ. ადგილზე, ასევე, იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოები მეოთხე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

„სოფელ ხაიშთან... ოთხდღიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად მოხერხდა სამი კერის ლიკვიდაცია, ხოლო მეოთხე კერაზე სრული ლოკალიზებაა. დარჩენილია რამდენიმე მხრჩოლავი კერა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ადგილზე ცეცხლის კერებს აქრობენ მეხანძრე-მაშველების ჯგუფები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ტერიტორიის მონიტორინგი ხდებოდა დრონის საშუალებით.

მანამდე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ოთხი ვერტმფრენი იყო ჩართული. მობილიზებული იყო დამატებითი ცოცხალი ძალა თბილისიდან, ასევე ქვემო ქართლის, აჭარისა და იმერეთის რეგიონებიდან.

სოფელ ხაიშთან სულ 200 მეხანძრე-მაშველი და 10 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მუშაობდა. რთულ რელიეფზე სამუშაო პროცესში ჩართული იყო განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.

ამ დროისთვის ადგილზე სიტუაცია სრულად კონტროლდება და გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები.

39
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1536)
ხელბორკილები

მამისა და ბაბუის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

48
(განახლებულია 12:32 09.07.2020)
ორმაგ მკვლელობაში ეჭვმიტანილ დაკავებულს, რომელიც ერთხელ უკვე ნასამართლევია, 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელოდება

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. მცხეთა–მთიანეთის რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემობაში ჩადენილი ორმაგი მკვლელობის ბრაკლდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

დაკავებულს 16–დან 20 წლამდე ან თავისუფლების უვადო აღკვეთა ემუქრება.

30 წლამდე მამაკაცმა მძინარე მამა და ბაბუა მოკლა>>

გამოძიებამ დაადგინა, რომ ამა წლის 7 ივლისს ადრე არაერთგზის ნასამართლევმა 28 წლის ახალგაზრდამ მუხრანში, საკუთარ სახლში ცივი იარაღით მოკლა მამა და ბაბუა, რის შემდეგაც დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

ეჭვმიტანილი მომდევნო დღეს, საღამოს დააკავეს.

48
თემები:
კრიმინალი საქართველოში
შტორმი. ბათუმი

ფრთხილად, შტორმია! ზღვაში ცურვა იკრძალება

0
(განახლებულია 15:25 09.07.2020)
სამაშველო კოშკურებზე დღეს, 9 ივლისსს წითელი ალმებია აღმართული, რაც ნიშნავს, რომ ზღვაში შესვლა სასტიკად აკრძალულია

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, სამაშველო კოშკურებზე წითელი ალმები აღიმართა – ზღვაზე შტორმია. მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ ზღვაში ცურვა კატეგორიულად აკრძალულია, ნათქვამია საქართველოს შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

შტორმი 2–4 ბალს მიაღწევს, აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის  სამსახურში.

მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაიცვან უსაფრთხოების წესები და მიჰყვნენ მაშველების ინსტრუქციას: არ შევიდნენ წყალში ნაბახუსევზე ან ნასვამ მდგომარეობაში, არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ, არ გაცურონ ზღვაში მითითებულ ზოლს იქით და არავითარ შემთხვევაში არ შევიდნენ წყალში, როდესაც კოშკურებზე წითელი ალმებია აღმართული.

როდესაც საფრთხე გადაივლის, სამაშველო კოშკურებზე კვლავ თეთრი ალმები აღიმართება.

0
თემები:
უამინდობა საქართველოში