ზვიად კუპრავა

პანღურის ამორტყმის საქმე ზვიად კუპრავას განაჩენს დღეს გამოუტანენ

104
(განახლებულია 17:00 11.06.2019)
პანღურის ამორტყმის საქმესთან დაკავშირებით უფლებადამცველ ზვიად კუპრავასთვის გამოტანილი განაჩენი დღეს გახდება ცნობილი.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე დაკავებულ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას ბრალდების საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება. პროცესი საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.

როგორც სახელმწიფო ბრალდების მხარე ამტკიცებს, საქმეში წარმოდგენილია არაერთი მოწმის ჩვენება, რომლებიც ცალსახად მიუთითებენ, რომ ზვიად კუპრავამ მოსამართლის მისამართით გამოთქვა შეურაცხმყოფელი სიტყვები. საპირისპიროს ამტკიცებს ზვიად კუპრავას ადვოკატი ლევან დავითაია და აღნიშნავს, რომ კუპრავას საქმე პოლიტიზებულია.

გამოძიების ვერსიით, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა). ამისთვის ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო.

სასამართლოს უპატივცემულობის შემდეგ გირაოს ქვეშ მყოფმა ზვიად კუპრავამ ასევე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს. აღნიშნული ქმედებისთვის ზვიად კუპრავას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ვინაიდან მან თავი აარიდა სამართალდამცველ ორგანოში გამოცხადებას.

გირაოს პირობების დარღვევის – ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის, სამართალდამცველ ორგანოში არგამოცხადების, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების გამო სასამართლოს გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით – პატიმრობით. აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომა ჩატარდა ზვიად კუპრავას გარეშე, ვინაიდან ბრალდებულმა თავი აარიდა მართლმსაჯულებასაც. კუპრავა 24 თებერვალს დააკავეს.

104
თემები:
გახმაურებული სასამართლო პროცესები (51)