შახტი

ამოკერილი პირები - ჭიათურელი მაღაროელები გაფიცვას განაგრძობენ

82
ჭიათურის მაღაროების ოპერატორმა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ შესაძლოა უარი თქვას თანამშრომლებისთვის ხელფასის 25%-ით მომატებაზე

თბილისი, 23 მაისი - Sputnik. ქალაქ ჭიათურის მანგანუმის მადნის მომპოვებელი შახტის მუშები უარს აცხადებენ გაფიცვის შეწყვეტაზე. მეტიც, ზოგიერთმა მათგანმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა, იუწყება ტელეარხი Imedi.

ხელფასების 50%-იანი ზრდა არარეალურია? მაღაროელებს მუშაობისკენ მოუწოდებენ >>

გაფიცვა 15 მაისს 150-ზე მეტმა მაღაროელმა გამოაცხადა. მუშების ერთმა ნაწილმა ქალაქის ცენტრში კარვები გაშალა და შიმშილობა დაიწყო. ზოგიერთმა მათგანმა კი პირი ამოიკერა. ცოტა ხნით ადრე გაფიცულებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

გაფიცულები ხელფასების 50%-ით მომატებას, შრომის პირობების გაუმჯობესებას, უკეთეს სამედიცინო დაზღვევასა და ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრას ითხოვენ. მოთხოვნებს შორისაა ასევე მათ მიერ გაცდენილი დღეების ანაზღაურება და გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა. 

„შიმშილობას არ შევწყვეტთ, ვიდრე ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ. ისინი უკანონოდ იქცევიან. ჩვენ ისე არ ვიქცევით, როგორც ისინი იქცევიან“, - განუცხადა მაღაროელმა გიორგი ბიწაძემ ტელეარხ Rustavi2-ს.

ერთ-ერთმა გაფიცულმა კიდევ ერთი მოთხოვნა გააჟღერა - „ჯორჯიან მანგანეზი“ სახელმწიფოს გადაეცეს.

„უკვე მეექვსე დღეა, ვშიმშილობთ. ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ, ვიდრე ჩვენს პირობებს არ დააკმაყოფილებენ. არავითარი სხვა პირობა - ეს კომპანია სახელმწიფოს გადაეცეს და სახელმწიფომ იზრუნოს ჩვენზე, ჩვენ ყველას გვაქვს ამის იმედი... ამათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ და ჩვენი სიცოცხლის ფასზე გვევაჭრებიან“, - განაცხადა მაღაროელმა თემურ შენგელაძემ. 

„ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლების თქმით კი, გაფიცული მაღაროელები კანონის ფარგლებს სცდებიან.

„თავდაპირველად ითხოვდნენ ხელფასების 50%-ით მომატებას, რაც აბსოლუტურად მოკლებულია რეალობას და არაადეკვატურია. ამ მოთხოვნის არარეალურობასა და არაადეკვატურობაზე ისიც მიუთითებს, რომ გაფიცულებმა არ ჩამოაყალიბეს ჯგუფი, რომელთან ერთადაც ამ საკითხზე ვიმსჯელებდით“, - განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსურმა დირექტორმა მერაბ ლომინაძემ პრესკონფერენციაზე.

„როგორც ჩიკაგოში 133 წლის წინ“ - პროფკავშირებმა კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს >>

მისი სიტყვებით, კომპანიის ხელმძღვანელობა რეორგანიზაციის ფარგლებში მზად იყო, მაღაროელებისთვის ხელფასების 25%-ით მომატება შეეთავაზებინა, მაგრამ მათ ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს.

„თანამშრომლების შემცირებაზე რეორგანიზაციის დროს საუბარი არ არის, საუბარია სტრუქტურულ ცვლილებებზე, რომლებიც კომპანიაში უნდა გატარდეს და რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემს, დავზოგოთ გარკვეული ადმინისტრაციული ხარჯი. დანაზოგი ხელფასებზე გადანაწილდება“, - ხაზი გაუსვა ლომინაძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ახლა „ჯორჯიან მანგანეზმა“ შეიძლება უარი თქვას ამ წინადადებაზეც.

„ჩვენს შეთავაზებაზე მივიღეთ უარი. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ჯერ უცნობია, ისევ ძალაშია თუ არა ეს წინადადება“, - განაცხადა ლომინაძემ.

„ჯორჯიან მანგანეზის“ მონაცემებით, პროფკავშირებთან კოლექტიური შეთანხმების საფუძველზე დასაქმებულებს 2018 წელს ანაზღაურება 10%-ით მოუმატეს. სანაცვლოდ მეშახტეებმა პირობა დადეს, რომ სამი წლის განმავლობაში არ გაიფიცებოდნენ იმ საკითხებზე, რომლებსაც აღნიშნული შეთანხმება არეგულირებს. მაგრამ კომპანიაში დასაქმებულებმა, ხელმძღვანელობის თქმით, ეს პირობა დაარღვიეს.

ამჟამად ჭიათურაში გაფიცვის გამო ცხრიდან ხუთი შახტი არ მუშაობს, აღნიშნა ქიმიური და სამთო-მეტალურგიული მრეწველობის პროფკავშირების თავმჯდომარე პაატა სამხარაძემ.

 „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში მანგანუმის მადნის მომპოვებელი მაღაროს ოპერატორია. ის „ჯორჯიან ემერიქენ ელოის“ (Georgian American Alloys) ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის. „ჯორჯიან მანგანეზის“ გარდა, ჰოლდიგნი აერთიანებს ვარციხის ჰიდროელექტროსადგურსა და კლინიკა „ფერომედს“. კომპანიის სათავო ოფისი მაიამიში მდებარეობს.

ჭიათურაში მანგანუმის მადანს 1879 წლიდან მოიპოვებენ.

მანგანუმის მადნისა და მანგანუმის ოქსიდებისა და დიოქსიდების ექსპორტს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს ექსპორტში. მანგანუმის მადნისა და კონცენტრატის ექსპორტმა 2019 წლის იანვარ-მარტში 1,8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც სამჯერ აღემატება 2018 წლის იმავე პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.

82
თემები:
ჭიათურაში მეშახტეები გაიფიცნენ (9)