გენერლის მკვლელობა - მთავარი ეჭვმიტანილი ბრალს უარყოფს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროკურატურა განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ ეჭვმიტანილის ბრალეულობის დამამტკიცებელი საბუთები აქვს

თბილისი, 6 მაისი - Sputnik. გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული, კახეთის რეგიონის ყოფილი პროკურორი გიორგი ჭანტურია აცხადებს, რომ გენერალს მკვლელობის დღეს შეხვდა, მაგრამ არავითარი კონფლიქტი მათ შორის არ მომხდარა. ამის შესახებ ტელეკომპანია პირველი არხი იუწყება.

2018 წლის 15 იანვარს ქუთათელაძე ქალაქ რუსთავში, „სტამბოლის ბაზარში“, თავის სამუშაო კაბინეტში გარდაცვლილი იპოვეს. იგი ბაზრის თანამესაკუთრე იყო. რამდენიმე დღის შემდეგ ამ საქმის ფარგლებში პოლიციამ ჭანტურია საბრძოლო მასალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავა, თუმცა 40 საათში გაათავისუფლა ისე, რომ ბრალი არ წაუყენებია.

გენერლის მკვლელობა - ყოფილ პროკურორს პასპორტი ჩამოართვეს და ღამით სეირნობა აუკრძალეს >>

ხელახლა იგი გასული წლის 8 აგვისტოს დააკავეს და განზრახ მკვლელობა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა დასდეს ბრალად, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 15 წლამდე. გამოძიება ამტკიცებს, რომ ჭანტურიამ მკვლელობა ქუთათელაძესთან ფინანსური უთანხმოების შემდეგ შურისძიების გამო ჩაიდინა.

თუმცა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადა უკვე ამოიწურა. ჭანტურია მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მან პასპორტი და პირადობის მოწმობა ჩააბარა. მას აკრძალული აქვს სახლიდან გასვლა 22:00-დან 07:00 სთ-მდე.

ჭანტურიას მტკიცებით, იგი შეხვდა ქუთათელაძეს მკვლელობამდე ერთი საათით ადრე, მაგრამ არავითარი კონფლიქტი მასთან არ ჰქონია. მისი სიტყვებით, მკვლელობის მომენტში იგი ბანკში იმყოფებოდა და იქვე გაიგო მკვლელობის შესახებ - მას ჟურნალისტებმა დაურეკეს.

თბილისის ქალთა კოლონია - Sputnik საქართველო
„კანიბალიზმის საქმე“: 22 წლის გოგონა ღიმილით იხსენებს დედის მკვლელობის დეტალებს

ბრალდების მხარის მტკიცებით, საქმეში ფიგურირებს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ ქუთათელაძე სწორედ ყოფილი პროკურორის, ჭანტურიას მიერ იქნა მოკლული.

„საქმეში არის არაერთი პირდაპირი მოწმე და მათი ჩვენებები დეტალურად აღწერს მოვლენების განვითარებას მკვლელობის დღეს. გარდა ამისა, არსებობს სხვადასხვა საგამოძიებო პროტოკოლი, გამოვყოფდი ასევე ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებს, რომლებიც საბოლოო ჯამში იძლევა საფუძველს, ვიფიქროთ, რომ სასამართლო აუცილებლად გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს“, - განაცხადა პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ ტელეკომპანიის ეთერში.

როგორც გიორგი ჭანტურიას ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აღნიშნავს, ფაქტი, რომ ბრალდების მხარეს მტკიცებულების გამოკვლევა არ დაუსრულებია, მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაზე მიუთითებს.

„გაგრძელდება პროცესი, სადაც მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება. მტკიცებულებების ამოწურვის შემდეგ უკვე მოხდება დასკვნითი სიტყვების წარმოთქმა. გიორგი ჭანტურიას მოუწევს, ამ შემთხვევაში არა თუ პენიტენციური დაწესებულებიდან სიარული, არამედ სახლიდან. ბრალდების მხარემ გაუშვა ის ცხრათვიანი ვადა, როდესაც მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა დაესრულებინა, მაგრამ ვერ დაასრულა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჭანტურიას დანაშაული არ ჩაუდენია“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

ოთხი მოკლული და სამი დაობლებული ბავშვი - კახეთში მომხდარი საზარელი დანაშაულის დეტალები >>

სასამართლო სხდომები გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე 2018 წლის 10 ოქტომბრიდან დაიწყო. უკვე 61 სხდომა გაიმართა.

გენერალი ქუთათელაძე საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ასევე საქართველოს სამხედრო ძალების ეროვნული გვარდიის მეთაური იყო.

გენერალი მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში. იგი დაჯილდოებული იყო ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით, ასევე მედლებით აშშ-ის ჯორჯიის შტატისა და აშშ-ის არმიის განსაკუთრებული და საბრძოლო დამსახურებებისთვის. ქუთათელაძე იყო აშშ-ის საპატიო გენერალ-მაიორი და საჩხერეს საპატიო მოქალაქე.

ყველა ახალი ამბავი
0