დაკავება

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მებაჟე ოფიცერი დააკავეს

63
დაკავებული უკანონოდ აგროვებდა მეწარმე სუბიექტების მიერ განხორციელებულ საქონლის იმპორტთან დაკავშირებულ ინფორმაციას და დაინტერესებულ პირს გადასცემდა.

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ინსაიდერული და კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შეგროვება–გადაცემის ფაქტზე საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცერი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულს სამსახურებრივად ხელი მიუწვდებოდა სხვადასხვა სახის საინფორმაციო ელექტრონულ ბაზაზე, უკანონოდ აგროვებდა მეწარმე სუბიექტების მიერ განხორციელებულ საქონლის იმპორტთან დაკავშირებულ ინფორმაციას და შემდეგ გადასცემდა დაინტერესებულ პირს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 202-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს (ინსაიდერული ინფორმაციის, კომერციული ან საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შეგროვება, გადაცემა, გახმაურება ან გამოყენება), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

 

63
თემები:
კრიმინალი საქართველოში (627)