დაკავება

სუს-მა თაღლითობისთვის ერთი პირი დააკავა და ახალციხის მერის ყოფილი მოადგილე ამხილა

90
(განახლებულია 11:38 16.03.2019)
სამსახურებრივი გულგრილობისთვის სულ ოთხი პირი არის მხილებული

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა თაღლითობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ოთარ ყ. დააკავეს, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ოთხი პირი ამხილეს, ნათქვამია სუს–ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, მხილებულთა შორის არიან ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობასა და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრები: კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი მოადგილე ზაზა გ., კომისიის ყოფილი წევრი, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სამველ ო., კომისიის ყოფილი წევრი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის უფროსი სპეციალისტი მოსაკრებლებისა და გადასახადების საკითხებში გელა მ. და კომისიის ყოფილი წევრი, ქონების მართვის სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი მამუკა პ.

როგორც გამოძიებით დადგინდა, ოთარ ყ.-მ 2015 წელს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობასა და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას წარუდგინა ყალბი დოკუმენტები, თითქოსდა 2007 წლამდე ფლობდა საცხოვრებელი სახლის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთს და ითხოვა აღნიშნული ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა.

გავრცელებული ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარე ზაზა გ.-მ და კომისიის წევრებმა სამველ ო.-მ, გელა მ.-მ და მამუკა პ.-მ არ შეისწავლეს ოთარ ყ.-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტებისა და ფაქტების ნამდვილობა და სამსახურებრივი გულგრილობით დააკმაყოფილეს მისი უკანონო მოთხოვნა.

აღნიშნული ქმედების შედეგად ოთარ ყ.-მ საჯარო რეესტრში მოტყუებით დაირეგისტრირა და მიისაკუთრა ქალაქ ახალციხეში, სამსონიძის ქუჩის მიმდებარე ტეროტორიაზე არსებული სახელმწიფოს კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

გამოძიება თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე საქმე აღძრულია სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

90
თემები:
კრიმინალი საქართველოში (58)