„დედოვშჩინის" შესაძლო ფაქტი ჯარში: გამოძიების პირველი შედეგები

© photo: Sputnik / Stringerთავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში წვევამდელის ცემის ფაქტი ადრეც მოხდა. მიმდინარე წლის თებერვალში ახალწვეული ელჯან ეფენდიევი დაზარალდა.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში სამხედრო მოსამსახურე ქაზიმ გახრამანოვზე შესაძლო ფიზიკური ძალადობისა და თანხის გამოძალვის ფაქტზე დაწყებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორი სამხედრო მოსამსახურის შესაძლო დანაშაულებრივი ქმედება გამოვლინდა, განაცხადა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ ირაკლი ბაზერაშვილმა ბრიფინგზე.

წვევამდელის ცემა და ფულის გამოძალვა - სამხედრო პოლიციამ გამოძიება დაიწყო>>>

ორშაბათს ტელეკომპანია Rustavi2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხედრო მოსამსახურეებმა ქაზიმ გახრამანოვი მას შემდეგ სცემეს, რაც წვევამდელმა უარი განაცხადა მათთვის თანხის მიცემაზე. მომხდარი ფაქტის მოწმე აღმოჩნდა სერჟანტი, რომელმაც არ გააშველა სამხედროები. ინციდენტი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ მოხდა.

„მიმდინარე წლის 9 მარტს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებმა ლ.გ.-მ და ა.მ.-მ წვევამდელებზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად რამდენიმე წვევამდელისგან მოახერხეს სახელფასო ბარათების მონაცემების მოპოვება შემდგომ მათი კუთვნილი მცირედი თანხების დაუფლების მიზნით", – განაცხადა ბაზერაშვილმა.

მისი სიტყვებით, სამხედრო პოლიციის თანამშრომლები შესაძლო დამნაშავეების გამოვლენისა და მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებენ.

თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
თავდაცვის სამინისტრომ კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარ ინციდენტზე განცხადება გააკეთა

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 181-ე („გამოძალვა") და 386-ე („ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეთა შორის დამოკიდებულების წესის დარღვევა, რასაც თან ახლდა დაზარალებულის პატივის ან ღირსების დამცირება ანდა მისი იძულება") მუხლებით. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„აღნიშნული ფაქტის დადასტურების შემთხვევაში შესაძლოა დადგეს სამხედრო ქვედანაყოფის ხელმძღვანელი პირების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. გამოძიების დასრულებამდე აღნიშნული ქვედანაყოფის სამეთაურო რგოლს შეუჩერდება უფლებამოსილება“, – აღნიშნა ბაზერაშვილმა.

კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში წვევამდელის ცემის ფაქტი ადრეც მოხდა. მიმდინარე წლის თებერვალში ახალწვეული ელჯან ეფენდიევი დაზარალდა. ეფენდიევი და მისი მშობლები ამტკიცებდნენ, რომ ის ნაცემია. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მაშინ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

 

ყველა ახალი ამბავი
0