ხის მოჭრა

კახეთში „წითელ ნუსხაში" შეტანილი რამდენიმე მუხა მოჭრეს

89
(განახლებულია 13:01 12.03.2019)
როგორც გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელში აცხადებენ, ხეების გაჩეხვის ტენდენცია მზარდია, რაც ეკოლოგიური კატასტროფის ალბათობასაც ზრდის.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის ჭალის ტყეში საქართველოს „წითელ ნუსხაში" შეტანილი რამდენიმე ერთეული მუხის ხე მოჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, ტყიდან მოჭრილი ხეების ნაწილი გატანილია, ნაწილი კი ადგილზეა დატოვებული.

კონდოლის ტყიდან ენდემური ჯიშის მუხის ხეების გაჩეხვის ფაქტი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმაც (CENN ) დააფიქსირა.

როგორც ორგანიზაციის კახეთის კოორდინატორმა კახა სუხიტაშვილმა განაცხადა, ხეების გაჩეხვის ტენდენცია მზარდია, რაც ეკოლოგიური კატასტროფის ალბათობასაც ზრდის.

„1,5 მეტრი დიამეტრის მუხა რომ გაიზარდოს, სავარაუდოდ, 300 წელი მაინც სჭირდება. ამიტომ აუცილებელია პერიოდულად საინფორმაციო კამპანია ტარდებოდეს", – განაცხადა სუხიტაშვილმა.

მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმირებულია კახეთის სატყეო სამსახური. უწყებაში ფაქტზე მოკვლევის დაწყებას გეგმავენ.

საქართველოს „წითელ ნუსხაში" ამ დროისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი მცენარეთა და ცხოველთა 200-მდე სახეობაა შეტანილი.

 

89