თორნიკე ნაგლიაშვილი

ძიუდოისტი თორნიკე ნაგლიაშვილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს

128
(განახლებულია 12:28 12.03.2019)
გავრცელებული ინფორმაციით, ძიუდოისტს ცოლის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, რომელიც არაერთგზის დაარღვია.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრი, 22 წლის თორნიკე ნაგლიაშვილი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

პოლიციამ სპორტსმენი მარნეულში, საკუთარ სახლში 5 მარტს დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, ძიუდოისტს ცოლის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, რომელიც არაერთგზის დაარღვია. მისი დაპატიმრება კი კონკრეტულ მუქარის შემცველ მესიჯებს მოჰყვა, რაც ნაგლიაშვილის ცოლმა პოლიციას წარუდგინა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 111, 151-ე და 1261 მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისთვის, მუქარასა და ოჯახში ძალადობას.

აღსანიშნავია, რომ ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელი გასული წლის დეკემბრიდან გამკაცრდა. კერძოდ, შემაკავებელი და დამცავი ორდერებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის პირველივე შემთხვევისას დამრღვევ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

ამას გარდა, ოჯახში ძალადობის პირველივე შემთხვევა, ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, ისჯება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. პირის მიერ წარსულში ოჯახური დანაშაულის ან/და ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი გათვალისწინებული იქნება, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება. ასევე გამკაცრდა სასჯელი არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი ოჯახური და დისკრიმინაციული დანაშაულისათვის.

 

128
თემები:
კრიმინალი საქართველოში (206)