დეკანოზი გიორგი მამალაძე იშემიური შეტევით კლინიკაში მოათავსეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამალაძე N9 პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

 

თბილისი, 16 თებერვალი  — Sputnik. პატიმრობაში მყოფი დეკანოზი  გიორგი მამალაძე მატროსოვის ციხიდან იშემიური შეტევის დიაგნოზით ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა დეკანოზის ზიარება მოითხოვეს>>>

წინასწარი დიაგნოზით მსჯავრდებულს ჰიპერტონული კრიზი და თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევა აღენიშნებოდა. მამალაძე N9 პენიტენციური დაწესებულებიდან  სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, დეკანოზი  გიორგი მამალაძე  შეუძლოდ გუშინ, 18:38 საათზე გახდა. მსჯავრდებულს პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცო დახმარების ბრიგადამ საპატიმროში აღმოუჩინა, თუმცა, მისი სტაციონარში გადაყვანა საჭიროდ არ მიიჩნია. 

საპროტესტო აქცია საპატრიარქოსთან - Sputnik საქართველო
საპატრიარქო გიორგი მამალაძის ოჯახს პასუხობს

მატროსოვის ციხეში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა 21:35 საათზე კვლავ გამოიძახეს, რის შედეგადაც მსჯავრდებული შემდგომი კვლევებისათვის ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. იმ დროისთვის გერმანიაში სამკურნალოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იმყოფებოდა, რომელსაც სხვებთან ერთად პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილიც ახლდა. სამართალდამცველებმა დეკანოზის ბარგში ნატრიუმის ციანიდი, ხოლო სახლში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა იპოვეს.

მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის. 

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა ახლახან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი შეიტანეს.

მამალაძის თხოვნით, სარჩელის დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დეკანოზის დაცვის მხარემ სტრასბურგის სასამართლოს 31 იანვარს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ მიმართა.

ზვიად ქორიძე: დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე სრული კონსენსუსი არ შედგა>>>

თბილისის საქალაქო სასამართლომ მამალაძეს 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის სექტემბერში შეუფარდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 13 თებერვალს ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 2018 წლის აგვისტოში უზენაესმა სასამართლომ საჩივრის განხილვაზე უარი თქვა და ამით წინა ინსტანციების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 

სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო
გიორგი მამალაძემ სტრასბურგის სასამართლოს სარჩელით მიმართა

მიმდინარე წლის თბერვალში ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მისი ზიარების მოთხოვნით საქართველოს  საპატრიარქოსთან კარავი გაშალეს.

გიორგი მამალაძის დაკავება ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე გახდა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ყოფილი დეკანოზის ადვოკატებმა, აგრეთვე საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადეს. ადვოკატები დარწმუნებული იყვნენ, რომ საქმესთან დაკავშირებულ სიმართლეს საზოგადოება სასამართლოზე შეიტყობდა, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყველა სასამართლო მოსმენა დახურული იყო.

მაშინ პროკურატურამ ეს იმით ახსნა, რომ საქმეს ერთვოდა ბრალდებულის მობილური ტელეფონიდან მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც ყოფილი დეკანოზის ინტიმური ცხოვრების დეტალებს შეიცავდა და მათი გავრცელება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას დააზარალებდა.



ყველა ახალი ამბავი
0