სასწრაფო დახმარება

მარნეულში 15 წლის გოგონა ბუნებრივი აირის გაჟონვამ იმსხვერპლა

33
(განახლებულია 16:32 11.01.2019)
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ოჯახის წევრებმა უგონო მდგომარეობაში იმ ოთახში იპოვეს, სადაც წყლის გამათბობელი იყო დამონტაჟებული.

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. მარნეულში 15 წლის გოგონა ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად საკუთარ სახლში გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

უბედური შემთხვევა ხუთშაბათს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ოჯახის წევრებმა უგონო მდგომარეობაში, აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ იმ ოთახში იპოვეს, სადაც წყლის გამათბობელი იყო დამონტაჟებული.

„სასწრაფო დახმარების" ბრიგადამ გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, ექიმის განცხადებით, პაციენტი სტაციონარში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების მიზეზი ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყლის გამათბობელი გახდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, რაც ითვალისწინებს 4-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

 

33
თემები:
შემთხვევები საქართველოში –2018 (1666)