სასწრაფო დახმარება

ქუთაისში H1N1 ვირუსით 24 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

185
(განახლებულია 13:51 11.01.2019)
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა სამედიცინო დაწესებულებას დაგვიანებით მიმართა

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ქუთაისში გრიპის ვირუსის გართულებით 24 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი  ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადიოდა მკურნალობის კურსს. მან დაწესებულებას დაგვიანებით მიმართა.

„სამედიცინო კორპორაცია ევექსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გიორგი ნიორაძის განცხადებით, ოფიციალურად დადასტურდა, რომ პაციენტი H1N1 ვირუსით დაიღუპა.

ამ ზამთარს „ღორის გრიპისგან“ 15 ადამიანი გარდაიცვალა, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. მისი სიტყვებით, იგი ლაბორატორიულმა კვლევებმაც დაადასტურა.

ქვეყანაში ეპიდემია არ არის, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს პირველი სიმპტომებისთანავე მიმართონ ექიმს.  ზოგადად, ეპიდემიად მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც 100 ათას ადამიანზე დაავადებულთა რიცხვი 400-450 დაავადებულს აღწევს. დღევანდელი მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი გაცილებთ ნაკლებია.

ბოლო მონაცემებით, ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოში „ღორის გრიპის“ 158 შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

 

 

185
თემები:
საქართველოს გრიპის ვირუსი უტევს (50)