თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. რამდენიმე ათეული ახალგაზრდა შეიკრიბა თბილისში პარლამენტის წინ და ცხოველების წამებისთვის სასჯელის გამკაცრება მოითხოვა.
აქციის ჩატარების მიზეზი გახდა საშინელი ამბავი, რომელმაც Facebook-მომხმარებლები შოკში ჩააგდო. ბელიაშვილის ქუჩაზე არასრულწლოვანმა გოგონამ ბუნკერთან ტომარაში ჩაგდებული ძაღლი აღმოაჩინა, რომელიც სისხლისგან იცლებოდა. მოგვიანებით ახალგაზრდების ჯგუფმა ცხოველი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ვეტერინალურ განყოფილებაში მიიყვანა. გაირკვა, რომ ძაღლს თავი ნაჯახით ჰქონდა გახეთქილი. ვეტექიმის მცდელობის მიუხედავად ძაღლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„ჩვენ აქ შევიკრიბეთ ინციდენტის გამო, რომელიც 8 იანვარს მოხდა. როგორც იცით, ცხოველს სასტიკად გაუსწორდნენ. ჩვენ მოვითხოვთ კანონის გამკაცრებას. გვინდა, რომ სახელმწიფომ შესაბამისი ზომები მიიღოს. რა თქმა უნდა, ეს ერთ დღეში ვერ მოხდება, ამიტომაც ეს აქციები ხვალაც, ზეგაც გაგრძელდება“, - განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ აქციის ორგანიზატორმა, სტუდენტმა მოლი მეტრეველმა.
ახალგაზრდობა პარლამენტთან შეიკრიბა პლაკატებით - „არ მოკლა, დაიცავი!“, „არ იყიდო, შეიფარე!“, „დაიცავი დაუცველი!“. ბევრი მივიდა თავის ოთხფეხა მეგობართან ერთად.
„მიგვაჩნია, რომ ის კანონი, რომელიც ახლა არსებობს, მინიმალურად მკაცრია და მეტიც, ის აშკარად არ მოქმედებს. ჩვენ არ უნდა ვაწამოთ ჩვენზე სუსტი, პირიქით, უნდა დავიცვათ“, - აღნიშნა აქციის სხვა მონაწილემ.
მომიტინგეთა თქმით, ადამიანები, რომლებიც ცხოველებს სასტიკად ეპყრობიან, ადამიანებისთვისაც პოტენციურად საშიშები არიან.
მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი („ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობა, რომელმაც მათი სიკვდილი ან დასახიჩრება გამოიწვია, ასევე ცხოველების წამება“) ითვალისწინებს ჯარიმას ან გამოსასწორებელ სამუშაოებს ერთი წლის ვადით. იგივე ქმედება, რომელიც პირთა ჯგუფის მიერ არის ჩადენილი, არაერთხელ ან მცირეწლოვანთა თანდასწრებით, ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. ახალციხეში საკუთარ სახლში მოკლული პენსიონერი ქალის ცხედარი იპოვეს.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, მეზობლებს, რომლებმაც 67 წლის ქალის ცხედარი აღმოაჩინეს, ის ორი დღე არ უნახავთ. მათ ასევე არ აქვთ ვერსია, ვის და რატომ უნდა მოეკლა ხანდაზმული ქალი, რომელიც მარტო ცხოვრობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის „განზრახ მკვლელობის მუხლით“ დაიწყო.
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. აჭარაში რამდენიმე დღეა ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.
სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ზღვაში 17 თებერვალს შევიდა და გაუჩინარდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, შეტყობინების მიღებიდან დღემდე სამძებრო სამუშაოები არ შეწყვეტილა და მასში ჩართულია ყველა სპეციალისტი და საჭირო ტექნიკა.
დაკარგულის ოჯახის წევრებს მიაჩნიათ, რომ სამძებრო სამუშაოებში ჩართული მყვინთავების რაოდენობა საკმარისი არ არის და მათი რაოდენობის გაზრდას ითხოვენ.
თბილისი, 28 თებერვალი - Sputnik. თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთი, მე-15 კარავი დადგეს.
კარვის დადგმის დროს აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მცირე შელაპარაკება მოხდა. მაგრამ ამჯერად საქმე დაკავებამდე არ მისულა და სიტუაცია განიმუხტა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა კარავი დადგეს, პოლიციამ კი მიმდებარე ტერიტორია დატოვა.
აქციის მონაწილეების თქმით, ორშაბათს, 1 მარტს, ისინი გამართავენ მიტინგს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის სახლთან. აქცია 12:00 საათზე დაიწყება. სამშაბათს, 2 მარტს, პლენარული სხდომის დღეს ოპოზიციამ პარლამენტის შენობის პიკეტირება დააანონსა.
მომიტინგეები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კარვებში დარჩენას აპირებენ და მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.
საქართველოში პოლიტიკური კრიზისი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ გამწვავდა. ოპოზიცია გავიდა ქუჩებში და ორი კვირის განმავლობაში აპირებს საპროტესტო აქციების გამართვას. ლიდერების თქმით, აქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება, თუ მმართველ პარტიასთან მოლაპარეკებები განახლდება.