სასწრაფო დახმარება

თბილისში 22 წლის გოგონა, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით დაიღუპა

87
(განახლებულია 11:15 10.01.2019)
გრიპის ვირუსთან დაკავშირებით თბილისში პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება საგანგებო, 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 22 წლის ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

„გრიპი არ იკურნება არყით და წიწაკით“ - ექიმის რეკომენდაციები>>>

გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ქემაშვილი კლინიკაში გასულ კვირას, ბორჯომიდან გრიპის შემდგომი ენცეფალიტის დიაგნოზით გადმოიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას იგი უკვე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. პაციენტი გუშინ რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა გოგონას გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.

სალომე ქემაშვილი სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იყო და ინფექციურ საავადმყოფოში მუშაობდა. მას ერთი შვილი დარჩა.

საქართველოში, ბოლო მონაცემებით, გრიპის ვირუსის 160-ზე მეტი შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, გარდაცვლილია ათზე მეტი ადამიანი, მათ შორის არის ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით (H1N1) გარდაცვალების ფაქტებიც.

ქვეყანაში გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შედარებით დაბალია – 100 ათას მოსახლეზე ვირუსით 256 ადამიანია დაავადებული. თუმცა, გრიპის ვირუსის გავრცელების საფრთხე ისევ არსებობს. ეპიდემიად მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც 100 ათას ადამიანზე დაავადებულთა რიცხვი 450-500 დაავადებულს აღწევს.

გრიპის ვირუსთან დაკავშირებით თბილისში პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება საგანგებო, 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს.

გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მედიკამენტ "ტამიფლუს" უფასოდ მიიღებენ პაციენტთა კონკრეტული ჯგუფები – ორსულები, სოციალურად დაუცველები, ბავშვები, პენსიონერები, გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანები, დიაბეტიანები, ონკოლოგიური დაავადებების მქონე და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანები.

H1N1 – А ვირუსის ქვეტიპია (გრიპის ყველაზე გავრცელებული ტიპი, რომელიც ყველაზე მასშტაბურ ეპიდემიებს იწვევს).

ადამიანების უმრავლესობის ორგანიზმში დაავადება გართულებების გარეშე ერთ კვირაში გადის. მაგრამ არსებობს დაავადების რთული ფორმა, რომელსაც სწრაფად პროგრესირებადი პირველადი ვირუსული პნევმონია ახასიათებს. ბაქტერიული პნევმონიისგან განსხვავებით მას არ გააჩნია მგრძნობელობა ანტიბიოტიკებზე და არასწორი მკურნალობისას გართულების პირველი ნიშნების გამოვლენიდან 24 საათში ლეტალური შედეგით შეიძლება დასრულდეს.

უმეტეს შემთხვევაში გრიპის სიმპტომებია: ტემპერატურის მატება, ხველება, ყელის ტკივილი, სურდო, თავის, კუნთების ტკივილი, სისუსტე და შემცივნება. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება პირღებინება ან დიარეა.

 

87
თემები:
საქართველოს გრიპის ვირუსი უტევს-2018 (50)