სასწრაფო დახმარება

ფოთში 40 წლის ქალი, სავარაუდოდ, H1N1 ვირუსით გარდაიცვალა

135
(განახლებულია 14:56 07.01.2019)
გრიპის ვირუსს ბოლო ორ თვეში რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

 

თბილისი, 7 იანვარი -  Sputnik. ფოთში 40 წლის ქალი მწვავე რესპირატორული ინფექციით გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ქალი ფოთის კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში 3 იანვარს მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით და პნევმონიით მოათავსეს. ექიმების თქმით, პაციენტს ყველა შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა, თუმცა, მისი  გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ფოთის კლინიკაში ამჟამად მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით მკურნალობას 11 პაციენტი გადის. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდა. კერძოდ კი გრიპის სტატისტიკა წინა კვირის მონაცემებთან შედარებით 21 ერთეულით ნაკლებია.

ბოლო პერიოდში საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაიზარდა –  100 ათას მოსახლეზე ვირუსით 277 ადამიანია დაავადებული. ეპიდემიად მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც 100 ათას  ადამიანზე დაავადებულთა რიცხვი 450-500 დაავადებულს აღწევს. გრიპის ვირუსს ბოლო ორ თვეში რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გრიპის ვირუსთან დაკავშირებით თბილისში პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება საგანგებო, 24-საათიანი  რეჟიმით იმუშავებს.

ასევე, გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ პაციენტთა კონკრეტული ჯგუფები - ორსულები, სოციალურად დაუცველები, ბავშვები, პენსიონერები, გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანები, დიაბეტიანები, ონკოლოგიური დაავადებების მქონე და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანები.

135
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1530)