ქართული პოლიცია

მარნეულის რაიონში მოლა სცემეს

111
(განახლებულია 12:55 06.12.2018)
წინასწარი მონაცემებით, მოლა ელდანიზ სადიგოვი სოფლის სასაფლაოზე სცემეს.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 42 წლის ელდანიზ სადიგოვის ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. შემთხვევა მარნეულის რაიონის აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ დაშთაფაში მოხდა, იუწყება შსს.

ინციდენტი ოთხშაბათს, დილით მოხდა. მოლამ ტელეკომპანია Rustavi2-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას თანასოფლელმა მირალ გასანოვმა სცემა. სადიგოვი დარწმუნებულია, რომ ეს Facebook-ში ერთი დღით ადრე გამოქვეყნებული ვიდეომიმართვის გამო მოხდა. ამ ვიდეოში მოლამ პოლიციის მუშაობის გამო უკმაყოფილება გამოთქვა, რადგან უკვე ერთი თვეა, პოლიციამ მისი სახლიდან ძვირფასეულობის მოპარვის საქმე ვერ გახსნა.

ტელეარხის ინფორმაციით, სასულიერო პირს სოფლის სასაფლაოზე გაუსწორდნენ. მომხდარის შემდეგ მან რამდენჯერმე დარეკა „112“-ში, მაგრამ პოლიციამ გამოძიება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც სადიგოვი პოლიციის განყოფილებაში თავად მივიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ვერსია აქვს.

უწყების ინფორმაციით, სადიგოვმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ მას ყელი სტკიოდა. მან დატოვა პოლიციის შენობა და სამედიცინო დაწესებულებაში წავიდა. როდესაც ის მივიდა სამედიცინო დაწესებულებაში, მიუხედავად იმისა, რომ მისი განცხადების საფუძველზე გამოძიება უკვე დაწყებული იყო, მან ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ „112“-ში დამატებით კიდევ რამდენჯერმე განაცხადა.

პოლიციამ უკვე გამოკითხა გასანოვი, რომელსაც მოლა თავდასხმაში ადანაშაულებს. გამოძიება გრძელდება.

თუ გასანოვის ბრალი დადასტურდა, მას ელოდება ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 120-დან 180 საათამდე, შინაპატიმრობა ექვსი თვიდან ერთ წლამდე ვადით ან ერთ წლამდე პატიმრობა.

111