შსს-ს შენობა

შსს: პრეზიდენტის სიძე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული

114
(განახლებულია 12:40 06.12.2018)
მინდია გოგოჭური საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას ქალიშვილის მაშო ჩიჩუას მეუღლეა.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებაზე დაყრდნობით.

თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ორი პირი, მათ შორის გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური გუშინ, გვიან ღამით დააკავეს.

მეზვრიშვილის განცხადებით, საცხოვრებელი სახლიდან, სადაც გოგოჭური და კიდევ ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან კი ორი პისტოლეტი, რომლებიც აღნიშნულმა პირებმა პოლიციის გამოჩენისას ბინიდან გადაყარეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავეს, მინდია გოგოჭური კი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული, რომელიც იმავე ბინაში იმყოფებოდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება", – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე და 376-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

გოგოჭური პირველად არ მოხვედრილა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. იგი ივლისში თავდასხმისას ფეხის არეში დაჭრეს და საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

მანამდე, 2017 წლის იანვარში კი ის და მისი მეგობარი ბალანჩივაძის ქუჩაზე სროლისას დაჭრეს.

მინდია გოგოჭური საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას ქალიშვილის მაშო ჩიჩუას მეუღლეა.

 

114
თემები:
თბილისი დღეს (863)