პოლიცია

შსს „ნაცმოძრაობასა" და საქართველოში დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებს შორის კავშირს არკვევს

108
(განახლებულია 11:36 05.12.2018)
შინაგან საქმეთა სამინისტროს ეჭვებს საფუძვლად „დონბასის" დაკავებული მებრძოლების ჩვენებები უდევს.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. გამოძიება საქართველოში დაკავებული უკრაინის ბატალიონ „დონბასის" მებრძოლებსა და ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შორის კავშირის ვერსიას განიხილავს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე თბილისში 2 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციისას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სწორედ ამ დღეს რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის პარტია „ნაციონალური მოძრაობა" და მისი მომხრეები მონაწილეობდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყველა დაკავებული - როლანდ მელია, ალექსანდრ ნოვიკოვი, დმიტრი კურაგინი, იური კოროსტელოვი, იგორ ორლენკო, სერგეი კლადკო და საქართველოს მოქალაქე ლუკა ჩხეტია პატიმრობაში დატოვა.

„დიახ, საგამოძიებო ორგანოს აქვს გარკვეული ეჭვები იმ კავშირების შესახებ, რომელზეც თქვენ საუბრობთ, თუმცა არ მინდა, რომ მოვლენებს გავუსწრო. ბუნებრივია, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვამოწმებთ და გარემოებებს ვადგენთ. ჩვენ ეს ეჭვები გვაქვს თვითონ ბრალდებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და შესაბამისი გამოკითხვის ოქმებზე დაყრდნობით. ამიტომ ჩვენ ამ ინფორმაციას ვამოწმებთ და დამატებით საგამოძიებო მოქმედებებს ვატარებთ", – განაცხადა მეზვრიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, თუ დაკავებულებსა და სააკაშვილის პარტიას შორის კავშირი დადასტურდება, შსს გაავრცელებს ინფორმაციას.

მეზვრიშვილმა უარყო ადვოკატის განცხადება, რომ დაკავებულებს იარაღი პოლიციამ ჩაუდო.

სპეცოპერაცია თბილისის ორ სასტუმროში ჩატარდა. ეჭვმიტანილთა სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო „ბერეტას" და „მაკაროვის" სისტემის პისტოლეტები, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

წინასწარი ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქეები საქართველოში 27 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე ჩამოვიდნენ. არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც მეორე ტურში მონაწილეობდა, ხელისუფლება ამომრჩევლის დაშინებისა და მოსყიდვის გზით არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. საპროტესტო აქციაზე მათ 16 დეკემბრამდე, ანუ ინაუგურაციის დღემდე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე თანხმობა მოითხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ აქციის განახლება დააანონსეს.

 

108
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1391)