მოსამართლის ჩაქუჩი

სმიტების მკვლელობა - მხარეებმა ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დაიწყეს

185
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში საქმის განხილვის ინიციატორად დაცვის მხარე გამოვიდა

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის მალხაზ კობაურის ადვოკატი და პროკურორები გორის რაიონულ სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყეს, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ბრალდებულის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

რაიან სმიტი, მისი მეუღლე ლორა და მათი 4 წლის შვილი ხადას ხეობაში გარდაცვლილები ივლისის დასაწყისში იპოვეს. ოფიციალური მონაცემებით, ბავშვის დამარხვის ადგილი მიუთითა თავად დაკავებულმა კობაურმა, რომელიც ბრალდებულის სტატუსით ცხედრების აღმოჩენიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

სმიტების მკვლელობა: მალხაზ კობაურს ბრალი დაუმძიმდა >>

„საჯარო რეესტრის ერთიანი ბაზიდან შევარჩიეთ 300 შესაძლო ნაფიცი მსაჯული. 300 ადამიანიდან შევარჩევთ 14-ს, მათგან 12 გახდება ნაფიცი მსაჯული, ორი კი სათადარიგო იქნება“, - განაცხადა კობაიძემ.

ადვოკატის თქმით, ორშაბათსვე პროკურორებმა და დაცვის მხარემ სავარაუდო ნაფიცი მსაჯულებისათვის ჩამოაყალიბეს კითხვარი, რომელიც სამას პირს გაეგზავნება. პოტენციურმა ნაფიცმა მსაჯულებმა კითხვებზე 24 დეკემბრამდე უნდა უპასუხონ. ამ დღეს სასამართლოს მომდევნო სხდომაა ჩანიშნული.

იურისტი მიიჩნევს, რომ კითხვარი როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარეს მომავალი ნაფიცი მსაჯულების ფსიქოტიპის გარკვევაში დაეხმარება.

კობაურის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით, რაც განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება საქმის მასალებს, 4 ივლისს, ხადას ხეობაში კობაური შეხვდა რაიან და ლორა სმიტებს და მათ 4 წლის შვილს, რომლებიც იქ როგორც ტურისტები იმყოფებოდნენ.

სმიტების ოჯახის მკვლელი ნასვამი იყო: საქმის ახალი დეტალები გაჩნდა >>

მწყემსმა ლორა სმიტის გაუპატიურება გადაწყვიტა და მთელი ოჯახი ხეობაში შორს, ჩანჩქერთან შეიყვანა, ბავშვის თვალწინ რაიან სმიტს თავისივე სანადირო თოფიდან ესროლა - თავიდან ზურგის არეში, შემდეგ თავში. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ამის შემდეგ კობაურმა სმიტების 4 წლის შვილი მოკლა. თავიდან მან ბავშვს მარჯვენა მხარსა და ბარძაყის არეში ესროლა, შემდეგ - მიბრჯნით თავში. მას შემდეგ, რაც მამა-შვილი მოკლა, კობაურმა ლორა სმიტი გააუპატიურა და შემდეგ წყალში დაახრჩო, ამტკიცებს პროკურატურა.

185
თემები:
კრიმინალი საქართველოში (868)