გიორგი გახარია

გიორგი გახარია: გორის პარკში საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა

281
(განახლებულია 10:19 18.11.2018)
რა სტატუსით იღებდა მონაწილეობას ბრალდებული იაგო ნებიერიძე გორში ჩატარებულ ექსპერიმენტში, ჯერჯერობით უცნობია

თბილისი, 18 ნოემბერი  – Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, გორში საგამოძიებო ექსპერიმენტში იაგო ნებიერიძე მოწმის სტატუსით იღებდა მონაწილეობას, იუწყება საზოგადოებრივი  მაუწყებლის პირველი არხი.

შაბათს გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გორში, კულტურისა და დასვენების პარკში 14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის ცხედარს ეძებდნენ.

ამ დროისთვის დაუდასტურებელი ინფორმაციით, გორში მიმდინარე წლის ოქტომბერში მომხდარი ნანა ბერიაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ სამართალდამცველებს 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფელი მიუთითა. თუმცა გიორგი გახარიამ ეს ინფორმაცია არც დაადასტურა, არც უარყო. იცის უცნობია, რა შედეგით დასრულდა საგამოძიებო ექსპერიმენტი.

„დღეის მდგომარეობით, შემიძლია გითხრათ მხოლოდ ის, რომ გუშინ გორში ჩატარდა სპეციალური საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელშიც ი.ნ.-ც იღებდა მონაწილეობას. ექსპერიმენტი ეხება შემთხვევას, რომელიც მოხდა 2004 წელს. ეს არის ის, რისი თქმაც მე დღეს შემიძლია. არანაირი სტატუსი ან ვინმე სხვა პირს, ან ი.ნ.-ს ამ მომენტისთვის ამ თემასთან დაკავშირებით არა აქვს“, – განაცხადა გახარიამ.

ნანა ბერიაშვილი გორში 25 ოქტომბერს ნაშუადღევს გაუჩინარდა. ის სახლიდან სკოლაში, ცეკვის წრეზე წავიდა, მაგრამ სკოლაში არ მისულა. მოგვიანებით ბავშვის ცხედარი მის სახლთან ახლოს, მდინარე ლიახვის ნაპირზე იპოვეს.

წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.

იაგო ნებიერიძე 2004 წელს 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის გატაცების და თანხის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა მაშინ მას ბრალი არ დაუმტკიცდა და ის საპატიმროში 2008 წელს ძარცვისა და ყაჩაღობის ბრალდებით მოხვდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მას 18 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, შემდეგ სააპელაციო სასამართლომ ვადა 17,4 წლამდე შეუმცირა. გარდა ამისა, 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქართველოს პარლამენტმა კანონი „ამნისტიის შესახებ" მიიღო, რომლის თანახმად, ნებიერიძის პატიმრობის ვადა 10 წლამდე შემცირდა. 2016 წელს კი კომისიამ პრეზიდენტს ნებიერიძის შეწყალების თაობაზე დადებითი რეკომენდაცია წარუდგინა.

281
თემები:
8 წლის გოგონას საზარელი მკვლელობა გორში (15)