საპროტესტო აქცია „არ მომკლა“

ახალი წელი და ნაძვის ხე არგუმენტი არაა: ომბუდსმენმა მომიტინგეები მერიისგან დაიცვა

38
საქართველოს ომბუდსმენმა ზაზა სარალიძის დასაცავად განცხადება გააკეთა, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებმა მის მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია დააანონსეს

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. შსს-სმ და თბილისის მერიამ დედაქალაქის ცენტრში აქციის ჩატარებას არ უნდა შეუქმნან ხელოვნური ბარიერები, მიიჩნევს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

მამამდე თბილისის მერიამ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს სთხოვა საპროტესტო აქციის ადგილი შეეცვალა, რადგან პარლამენტის წინ დიდი საახალწლო ნაძვის ხე უნდა დაიდგას.

ნაძვის ხე აქციების ნაცვლად – სარალიძეს პარლამენტის წინ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს >>

ლომჯარიამ ხაზი გაუსვა, რომ შეკრების უფლების სრულფასოვანი გამოყენების შესაძლებლობა ქვეყნის დემოკრატიულობის და საზოგადოების გახსნილობის ხარისხს განსაზღვრავს.

„სახალხო დამცველი მოუწოდებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აქციის მონაწილეების მხრიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე შეკრების გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, ხელოვნური და კანონშეუსაბამო არგუმენტებით არ შეუშალონ ხელი ზემოხსენებული კონსტიტუციური უფლების რეალიზებას“, - ნათქვამია რეკომენდაციებში სახალხო დამცველის Facebook-გვერდზე.

ამასთან ომბუდსმენმა შეახსენა მერიას, რა შემთხვევებში მას აქვს უფლება აქციის მონაწილეებს ადგილის შეცვლა სთხოვოს.

„აქციის ორგანიზატორი ვალდებულია მერია წინასწარ გააფრთხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ტრანსპორტის სავალ ნაწილზე იმართება ან აფერხებს ტრანსპორტის მოძრაობას. ასეთი გაფრთხილების მიღების შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს შეკრების ადგილისა და დროის შეცვლის შესახებ რეკომენდაციის გაცემის უფლებამოსილება მხოლოდ მაშინ აქვს, თუ შეკრება რეალურ საფრთხეს უქმნის საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას, ან იმავე დროს და იმავე ადგილას სხვა აქცია არის დაგეგემილი (რომელზეც გაფრთხილება უფრო ადრე იქნა შეტანილი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში). ამდენად, თბილისის მერიის მიერ მითითებული საფუძვლით შეკრების თავისუფლებაში ჩარევას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს“, - განმარტა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა გამოთქვა უკმაყოფილება იმით, რომ პოლიცია მომიტინგეებს პარლამენტის შენობასთან კარვების გაშლას უშლის.

სარალიძის სასამართლო ჩანიშნულია - მოკლული მოზარდის მამა თავისუფალია >>

ლომჯარიამ მხარდაჭერა გამოხატა ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით, რომლებიც შაბათ საღამოს პარლამენტთან აპირებენ გამართონ საპროტესტო აქცია სახელწოდებით „კარვებით ვიცავთ თავისუფლებას“.

არასამთავრობოები, ომბუდსმენის მსგავსად, კარვების გაშლის აკრძალვას შეკრებისა და მანიფესტაციების უფლების დარღვევად მიიჩნევენ.

სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში შესულია ზაზა სარალიძის სარჩელი შსს-ს წინააღმდეგ. სამინისტრომ 15 ნოემბერს პოლიციის ქმედებების კანონიერი დასაბუთება უნდა წარადგინოს.

კარვების გაშლის საკითხი აქტუალური შემოდგომის სიცივეების დადგომისთანავე გახდა. კარვის გაშლის აკრძალვის გამო პარლამენტთან პერიოდულად პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოხდა. ერთ-ერთი ინციდენტის დროს სარალიძე პოლიციელს რკინის ჯოხით დაესხა თავს, რის შემდეგ ის დააკავეს.

პოლიციელი ტვინის შერყევით საავადმყოფოში მოხვდა, ხოლო სარალიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს მის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიება არ გამოუყენებია - ამჟამად ის თავისუფალია.

მკვლელობის საქმე

16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპა. კონფლიქტი 51-ე სკოლაში დაიწყო.

სასამართლომ ჩხუბის ორ მონაწილეს განაჩენი 6 თვის შემდეგ გამოუტანა. ერთ-ერთი — გ.ბ. დამნაშავედ ცნეს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, მეორე ბრალდებული გ.ჯ. დამნაშავედ მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნეს. შესაბამისად, სარალიძის მკვლელის ვინაობა დადგენილი ისევ არ არის, თუმცა პროკურატურა საპირისპირო აზრს იზიარებს.

სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. სარალიძის მამამ განაცხადა, რომ ნამდვილ მკვლელს ხელს აფარებენ, რადგან მას პროკურატურაში ნათესავები ჰყავს. მან პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო.

ტრაგედიის პოლიტიზირება არ შეიძლება – ივანიშვილი სარალიძის დაკავების შესახებ >>

პროტესტის ფონზე გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, შსს-მ საპარლამენტო კომისიის დასკვნის საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქმის დეტალების დაფარვის შესახებ და დააკავა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი.

სამი თვის შემდეგ, როდესაც ვერც საპარლამენტო კომისიამ, ვერც შსს-მ ვერ გააკეთეს ის, რასაც მათგან სარალიძე ელოდა, მან პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განაახლა. თავის მხრივ, ხელისუფლება მოუწოდებს მას დაელოდოს ზემდგომი სასამართლო ინსტანციების გადაწყვეტილებას.

38
თემები:
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – პროტესტის ტალღა თბილისში (123)