ზვიად ქორიძე

8 წლის გოგონას მკვლელობა გორში: ბრალდებული პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პირია

282
ქორიძის განცხადებით, ნებიერიძე საპატიმროში წამების მსხვერპლი იყო

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. გორში 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული, რომელიც წარსულში ნასამართლევია, ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა, განაცხადა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ.

მკვლელობა გორში 25 ოქტომბერს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ნანა ნებიერიძე ნაშუადღევს გაუჩინარდა. ის სახლიდან სკოლაში, ცეკვის წრეზე წავიდა, მაგრამ სკოლაში არ მისულა. მოგვიანებით ბავშვის ცხედარი მის სახლთან ახლოს, მდინარე ლიახვის ნაპირზე იპოვეს.

„გვეშინია შვილების გაზრდის": 8 წლის გოგონას მკვლელობამ საქართველო შეძრა>>>

შსს-ს ინფორმაციით, გოგონა 34 წლის იაგო ნებიერიძემ მოკლა, რომელიც მოკლული ბავშვის საცხოვრებელი სახლის პარალელურ ქუჩაზე მდებარე სახლში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

ქორიძის სიტყვებით, ნებიერიძე საპატიმროში 2008 წელს ძარცვისა და ყაჩაღობის ბრალდებით მოხვდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მას 18 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, შემდეგ სააპელაციო სასამართლომ ვადა 17,4 წლამდე შეუმცირა. გარდა ამისა, 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქართველოს პარლამენტმა კანონი "ამნისტიის შესახებ" მიიღო, რომლის თანახმად, ნებიერიძის პატიმრობის ვადა 10 წლამდე შემცირდა. 2016 წელს კი კომისიამ პრეზიდენტს ნებიერიძის შეწყალების თაობაზე დადებითი რეკომენდაცია წარუდგინა.

„კომისიის რეკომენდაცია განაპირობა შემდეგმა ფაქტორებმა: იაგო ნებიერიძეს საპატიმრო დაწესებულებიდან ჰქონდა დადებითი დახასიათება; მოხდილი ჰქონდა სასჯელის ძალიან დიდი ნაწილი; ჯანმრთელობის ცნობასა და ფსიქოლოგის დასკვნაში არაფერი იყო ნათქვამი რაიმე ტიპის ფსიკური ჯანმრთელობის პრობლემასა და აგრესიულ ხასიათზე, რასაც შეეძლო საზოგადოებისთვის ზიანი მოეტანა; სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ დოკუმენტებში დადასტურებული იყო, რომ მსჯავრის მოხდის დროს (2008 წლიდან) იგი იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. პრეზიდენტმა არ გაიზიარა კომისიის რეკომენდაცია სრულ გათავისუფლებასთან დაკავშირებით და იაგო ნებიერიძეს დარჩენილი საპატიმრო სასჯელიდან მხოლოდ 1 წელი და 1 თვე ჩამოაკლო", - განაცხადა ქორიძემ.

მისი სიტყვებით, იმ პერიოდში სახალხო დამცველი სოზარ სუბარი იყო, რომელმაც საკუთარ ანგარიშებში არაერთხელ დააფიქსირა თუ როგორი წამების მსხვერპლი იყო ნებიერიძე.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

282
თემები:
8 წლის გოგონას საზარელი მკვლელობა გორში (15)