ბათუმი

აჭარაში 60 წლის მამაკაცის გარდაცვალებაში მოსახლეობა პატრულს ადანაშაულებს

111
(განახლებულია 17:01 08.10.2018)
შსს-ს ცნობით, მოქალაქეს ალკოჰოლური თრობა არ დაუდგინდა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ტერიტორია დატოვა. მოგვიანებით კი მამაკაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა.

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმში, სოფელ ახალსოფელში მამაკაცის გარდაცვალების საქმის გამოძიების დასრულებამდე პატრულ-ინსპექტორებს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ, საქმე კი შემდგომი გამოძიებისთვის პროკურატურაში გადაიგზავნა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ადგილობრივ მცხოვრებთა ვერსიით, მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს სოფელ ახალსოფელში 60 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სახლში ავტომობილით ბრუნდებოდა, რა დროსაც საპატრულო პოლიციამ გააჩერა და პატრულ-ინსპექტორმა ალკოტესტის ჩაბარება მოსთხოვა. მამაკაცს წინააღმდეგობა არ გაუწევია, უბრალოდ პოლიციელებს აფთიაქში წასვლა და წამლის ყიდვა სთხოვა, რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა. პოლიციელებმა მამაკაცი აფთიაქში არ გაუშვეს და ოქმის შედგენა დაიწყეს. ამ პერიოდში მამაკაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა. 

მომხდარი ფაქტის საკუთარი ვერსია წარმოადგინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელიც ამტკიცებს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების მიზნით სოფელ ახალსოფელში „ფორდის" მარკის ავტომობილი გააჩერეს და მძღოლს ალკოტესტის ჩაბარება მოსთხოვეს.

„მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რომ შემოწმებაზე უარის შემთხვევაში ავტომანქანა გადაყვანილი იქნებოდა საჯარიმო ავტოსადგომზე, მოქალაქემ შემოწმებაზე უარი განაცხადა, ავტომანქანა შეიყვანა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, თვითონ კი დაბრუნდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან და მხოლოდ ამის შემდეგ განაცხადა თანხმობა შემოწმებაზე", – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, მოქალაქეს ალკოჰოლური თრობა არ დაუდგინდა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ტერიტორია დატოვა. მოგვიანებით კი მამაკაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს გენერალური ინსპექცია სწავლობს. გამოძიების დასრულებამდე კი პატრულ-ინსპექტორებს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ.

 

111
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1388)