ვანო მერაბიშვილი

ვანო მერაბიშვილს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა

177
(განახლებულია 22:35 12.09.2018)
კლინიკა „ნიუჰოსპიტალში“, სადაც მერაბიშვილი დღეს ბადრაგის თანხმლებით იმყოფებოდა, კომენტარს არ აკეთებენ.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხიდან თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს და  ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში  მოათავსეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2

მერაბიშვილს ჰოსპიტალიზება ე.წ. მატროსოვის ციხიდან სამოქალაქო საავადმყოფოში უკვე მესამედ გახდა საჭირო.

ტელეკომპანიის ცნობით, ვანო მერაბიშვილს სასუნთქი გზების პრობლემები აწუხებს. თუმცა კლინიკა „ნიუჰოსპიტალში“, სადაც მერაბიშვილი დღეს ბადრაგის თანხმლებით იმყოფებოდა, კომენტარს არ აკეთებენ. შესაბამისად, უცნობია რა დიაგნოზით მოხვდა ვანო მერაბიშვილი დღეს სამკურნალო დაწესებულებაში.

მისი ადვოკატის თქმით, ორთვიანმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო.

„შედეგი არ გამოიღო მკურნალობამ, რომელიც ორ თვეზე მეტია უკვე მიმდინარეობს. შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვეთ, რომ მომხდარიყო მისი ხელახლა გამოკვლევა, რაზეც დაგვთანხმდნენ და მოხდა მისი გადაყვანა. ამავდროულად, მიწერილი გვაქვს სასჯელაღსრულების დაწესებულებისთვის, რომ გვაცნობონ წინა შემთხვევებში, როდესაც მოხდა მისი გაყვანა გამოკვლევის მიზნით, რა დიაგნოზი იქნა დასმული. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ პასუხი არ მიგვიღია. შესაბამისად ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს დღეებში ისინი მოგვაწვდიან ამ ინფორმაციას“, — განაცხადა ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა. 

რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადვოკატის განცხადებით, ის თავს კვლავ ცუდად გრძნობს.

„ბუნებრივია, გვაქვს განცდა, რომ არ მოხდა ჯეროვნად მისი გამოკვლევა. ან არასწორი დიაგნოზირება იყო თავის დროზე გაკეთებული,“- განაცხადა ჩივიაშვილმა.

ვანო მერაბიშვილი კლინიკიდან კვლავ ე.წ. მატროსოვის ციხეში დააბრუნეს.

საქართველოს ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააპატიმრეს.

მერაბიშვილი სასჯელს სისხლის სამართლის ოთხ საქმესთან დაკავშირებით იხდის. საქმეები ეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, სახელმწიფო ქონების მითვისებასა და გაფლანგვას, „საქართველოს გაერთიანებული ბანკის“ თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებების გაყალბებას და ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს. 

გარდა ამისა, მის წინააღმდეგ კიდევ ორი საქმეა აღძრული. ამჟამად სასამართლოში განიხილება საქმე მერაბიშვილის წინააღმდეგ, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციისა და ტელეკომპანია „იმედის" დარბევას ეხება.


177
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1182)