დაკავება

ბიძაშვილის მკვლელობის ბრალდებით 24 წლის მამაკაცი დააკავეს

115
(განახლებულია 13:11 12.08.2018)
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა 24 წლის თ.ვ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა მარნეულში, შულავერის თემის სოფელ სეიდგოჯალოს ტყეში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა საკუთარ ბიძაშვილს,  21 წლის ნამაზ ვალიევს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი — სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევა მიმდინარე წლის მაისში მოხდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრების განცხადებით, ნამაზ ვალიევი სახლიდან 5 მაისს, სატელეფონო ზარის შემდეგ გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მისი ცხედარი 6 მაისს სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მწყემსებმა იპოვეს.


115
თემები:
კრიმინალი საქართველოში (640)