დანაშაულის ადგილი

თბილისში დოლიძის ქუჩაზე ბიზნესმენი ჩაცხრილეს

286
(განახლებულია 12:15 12.08.2018)
დამნაშავის გამოსავლენად და დასაკავებლად ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 42 წლის ბიზნესმენი ლევან სიგუა მოკლეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა გუშინ გვიან ღამით დოლიძის ქუჩის 29 ნომერში მოხდა. არსებული ინფორმაციით, სიგუას ხუთი ტყვია მას შემდეგ ესროლეს, რაც საცხოვრებელ სახლთან,  ავტომობილიდან გადმოვიდა. ის ადგილზე დაიღუპა.

როგორც გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, გასროლამდე ჩხუბის ხმა არ გაუგიათ. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი სამშენებლო ბიზნესით იყო დაკავებული.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები, საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დოლიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

დამნაშავის გამოსავლენად და დასაკავებლად ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

მკვლელობის მოტივები ჯერჯერობით უცნობია.


286
თემები:
კრიმინალი საქართველოში (733)