სასწრაფო დახმარება

ავარია მწვანე კონცხთან - მძღოლს სავარაუდოდ ჩაეძინა

58
(განახლებულია 19:34 11.08.2018)
დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. აჭარაში, მწვანე კონცხის დასახლებაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

შემთხვევა დღეს ცენტრალურ მაგისტრალზე ჩაქვი — ბათუმის გვირაბთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და განათების ბოძს შეეჯახა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის ავარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია; სავარაუდოდ, მძღოლს ჩაეძინა.

მეორე ვერსიით, სატვირთო ავტომობილს საწინააღმდეგო მხრიდან მომავალმა მაღალი გამავლობის ავტომობილმა გზა გადაუჭრა და შეეჯახა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია"), რაც სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


58
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1215)