დაკავებული ხელბორკილებით

ჩატაევის ძებნილი თანამზრახველი საქართველოში დააკავეს

73
(განახლებულია 21:24 10.08.2018)
ტერორისტ ახმედ ჩატაევის თანამზრახველი 13 წელს პატიმრობაში გაატარებს, განაჩენი მას ჯერ კიდევ ივლისში დაუსწრებლად გამოუტანეს

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ცნობილი ტერორისტის, ახმედ ჩატაევის თანამზრახველი, ძებნაში მყოფი 21 წლის რუსლან შავაძე ბათუმში დააკავეს, განაცხადა ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსმა ნინო გიორგობიანმა.

ტერორიზმის საქმეზე დაკავებულ პირს პატიმრობა შეეფარდა >>

თბილისის საქალაქო სასამართლომ შავაძეს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა 27 ივნისს მიუსაჯა. ის ცნობილ იქნა დამნაშავედ ორი მუხლით: „უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება ანდა ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება“ და „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთა“ (სსკ-ის 328-ე და 344-ე მუხლები).

2017 წლის ნოემბრის ბოლოს თბილისში ჩატაევისა და მისი თანამზრახველების დაკავების მიზნით ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა. ტერორიზმში ბრალდებულები თითქმის ერთი დღის განმავლობაში უწევდნენ წინააღმდეგობას სპეცრაზმელებს და ახორციელებდნენ სროლას მრავალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთი ბინიდან. სპეცოპერაცია იბრაჰიმ ადაშევის და ასლანბეგ სოლტახმდოვის ლიკვიდაციით დასრულდა, ჩატაევმა კი თავი აიფეთქა.

„რუსლან შავაძემ სპეცოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე საცხოვრებელი ბინა დატოვა და  მიიმალა. გამოძიების მსვლელობის პროცესში იგი დაუსწრებლად იქნა მიცემული პასუხისგებაში, გამოცხადებული იქნა ძებნა და მიმდინარეობდა აქტიური სამძებრო ღონისძიებები მისი დაკავების მიზნით“, — განაცხადა გიორგობიანმა.

გამოძიების მტკიცებით, შავაძე ჯერ კიდევ 2016 წელს შეუერთდა ჩატაევის ტერორისტულ დაჯგუფებას. იმ დროს ის ხან სირიაში, ხან ერაყში იმყოფებოდა და „ისლამური სახელმწიფოს" რიგებში ბრძოლებში მონაწილეობდა.

„არსებული ინფორმაციით, რუსლან შავაძემ 2016 წლის სექტემბერში, მწვანე ზოლის გამოყენებით სოფელ მარადიდის მონაკვეთზე უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და გადავიდა თურქეთის ტერიტორიაზე. რუსლან შავაძე მალევე  შეუერთდა სირია-ერაყის ტერიტორიაზე მყოფ ახმედ ჩატაევის დაჯგუფებას და მონაწილეობას იღებდა საბრძოლო მოქმედებებში“, — განაცხადა გიორგობიანმა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ჩატაევმა ახლო აღმოსავლეთის დატოვება და საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა, მას შავაძეც მიჰყვა.

„ჩატარებული გამოძიებით და მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ახმედ ჩატაევმა, იბრაგიმ ადაშევთან და რუსლან შავაძესთან ერთად, 2017 წლის 27 ოქტომბერს არალეგალურად გადმოკვეთა საქართველო-თურქეთის საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთი, რაშიც დახმარებას ასევე უწევდნენ მათი დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები“, — დასასრულს აღნიშნა გიორგობიანმა.

ტერორიზმის საქმე — ექვსივე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს >>

თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივლისს შავაძესთან ერთად კიდევ ხუთი ბრალდებული გაასამართლა. 13 წლით პატიმრობა მიესაჯა ბორზიევს, რომელიც სპეცოპერაციის დაწყებამდე იმ სახლის წინ დააკავეს, სადაც ჩატაევი სხვა თანამზრახველებთან ერთად იმალებოდა (2017 წლის 21-22 ნოემბერს).

ორი მათგანი — რამაზ მარგოშვილი და რუსლან ალდამოვი 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დააკავეს. მათ 12 და 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მიმდინარე წლის იანვარში თბილისსა და ახმეტაში დაკავებულებმა ანატოლი ბერძენიშვილმა და ზურაბ იდოიძემ 11 და 10 წლით დაკარგეს თავისუფლება.

გამოძიება ამტკიცებს, რომ ყველა მათგანი დაეხმარა ჩატაევს საქართველოში უკანონოდ გადმოსვლაში.

თბილისის სასამართლო განიხილავს კიდევ ორი ადამიანის საქმეებს — ბადურ ჩოპანაშვილის და ზურაბ გორნაკაშვილის. ისინი, ალდამოვისა და მარგოშვილის მსგავსად, 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში დააკავეს.

ამ სპეცოპერაციის ფარგლებში სპეცრაზმმა სასიკვდილოდ დაჭრა კიდევ ერთი ბრალდებული — თემირლან მაჩალიკაშვილი.


73
თემები:
თბილისში ტერორისტების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩატარდა (48)