წყალდიდობა

შსს: რეგიონებში სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგენილია

102
(განახლებულია 17:37 10.08.2018)
სამინისტროს ცნობით, გზებზე არსებულ ვითარებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგენილია, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ზოგიერთ რეგიონში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ავტოტრანსპორტის გადაადგილება ცალკეულ მონაკვეთებზე დროებით შეფერხდა. უხვი ნალექის გამო, საავტომობილო გზები დაიტბორა და მოქალაქეები გარკვეული შეზღუდვებით გადაადგილდებოდნენ.

ძლიერი წვიმის გამო ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ასევე, ჩაქვსა და მახინჯაურში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებით ხორციელდება. ადგილზე მობილიზებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მოძრაობას არეგულირებენ.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შეუქმნა სამეგრელოს რეგიონსაც, თუმცა, ამ ეტაპზე რეგიონში სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგენილია და გზებზე არსებულ ვითარებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

გარდა ამისა, მთელი ღამის განმავლობაში კახეთში ჩამოშლილი მიწის მასის გამო ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მე-15 კილომეტრთან სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდული იყო. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სხვა შესაბამისი სამსახურები.

შესაბამისი სამსახურები მძიმე ტექნიკის დახმარებით მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ გზის გაწმენდით სამუშაოებს, რის შედეგადაც დღეს, დილით გზის აღნიშნული მონაკვეთის მიწის ნაშალისგან გათავისუფლება მოხერხდა. ამ დროისთვის გზები გაწმენდილია და ავტომანქანები შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან.

სტიქიის შედეგად, გურიის რეგიონში დილის საათებში გზებზე მცირედი შეფერხება იყო. სატრანსპორტო მოძრაობა უკვე შეუფერხებლად ხორციელდება.

102
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1062)