თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კონტრაბანდის ორი ფაქტი გამოავლინეს და სამი პირი პასუხისგებაში მისცეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა „სარფის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოში მალულად შემოიტანეს 2 კგ-მდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები.
ამოღებული ოქროს ნაწარმის საბაჟო ღირებულება ჯამში 100 ათას ლარს აღემატება.
გამოძიება სსკ-ის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით („საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობის საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა") მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.