„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე

პრეზიდენტობის კანდიდატს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს

235
(განახლებულია 20:44 08.08.2018)
სასამართლომ არამართლზომიერად მიიჩნია პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ ლიდერის ქმედებები

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ბრალდებულად ცნო პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენებაში და სანქციის სახით სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ პოლიტიკოსის ადვოკატმა ნონა ქურდოვანიძემ.

შსს-მ ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების ახალი დეტალები გაამჟღავნა >>

ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრ — გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს პარლამენტის შენობასთან 12 მაისის ღამეს სტიქიურ საპროტესტო აქციაზე, რომელიც ღამის კლუბებში პოლიციის ქმედებების წინააღმდეგ მოეწყო. იმ საღამოს სამართალდამცველებმა რამდენიმე ღამის კლუბში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის ფარგლებში რეიდები ჩაატარეს.

„სამწუხაროდ, არასაკმარისი სამხილების მიუხედავად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ზურაბ ჯაფარიძის ქმედება დარღვევას წარმოადგენდა, თუმცა ჩათვალა ეს ფაქტი იმდენად უმნიშვნელოდ, რომ სანქციის სახით ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა არ გამოიყენა და სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა“, — განაცხადა ქურდოვანიძემ.

კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის გადაწყვეტილება განაჩენის გამოცხადებიდან ათი დღის განმავლობაში შეიძლება გასაჩივრდეს. ქურდოვანიძე განაჩენის გასაჩივრებას მას შემდეგ გეგმავს, როდესაც მის სამოტივაციო ნაწილს გადმოსცემენ.

„მიუხედავად იმისა, რომ სანქცია გამოყენებული არ არის, მიგვაჩნია, რომ სასამართლოს მიერ ჯაფარიძის ქმედებების შეფასება არის უკანონო, და ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ვგეგმავთ“, — აღნიშნა მან.

გარდა ამისა, ქურდოვანიძის თქმით, მან შსს-ში ჯაფარიძის დაკავებაც გაასაჩივრა, რადგან მიაჩნია, რომ სამართალდამცველებს ამის საფუძველი არ ჰქონდათ.

რაც შეეხება მაისის საპროტესტო აქციებს, 12-13 მაისს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ახალგაზრდული ორგანიზაცია „თეთრი ხმაურის მოძრაობის" ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც „კლუბური აქციის" მონაწილეები 12 მაისს ღამის კლუბში შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას პოლიციელთა ქმედებებს აპროტესტებდნენ. მომიტინგეები აცხადებდნენ, რომ მხარს უჭერენ ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ ბრძოლას, თუმცა შსს-ს მეთოდები მათთვის მიუღებელია. უფრო მეტიც, აქციის წევრებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.

ვარშავაში ქართულ ღამის კლუბებს მხარი დაუჭირეს >>

აქციაზე სიტუაცია 13 მაისის საღამოს დაიძაბა, როდესაც ნაციონალისტური დაჯგუფების წევრებმა კონტრაქცია გამართეს და პარლამენტთან შეკრებილებს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. აქციის მონაწილეებს ნაციონალისტური დაჯგუფების მომხრეების თავდასხმისგან პოლიციის კორდონები და წყლის ჭავლის მანქანები იცავდნენ.

ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც „კლუბური აქციის" მონაწილეებთან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა, რომელმაც შეკრებილებს ბოდიში მოუხადა. მან აქციის მონაწილეებს პირობა მისცა, რომ ყველა ის პირი, რომელთა უფლებამოსილების გადაცდომაც დადასტურდება, პასუხს აგებს, ამასთან განახლდება ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე მუშაობა.

საგამოძიებო სამუშაოებთან დაკავშირებით ღამის კლუბები ათი დღის განმავლობაში დალუქული იყო. „კაფე გალერი“ 22 მაისს, ხოლო „ბასიანი“ – 23 მაისს გაიხსნა.


235
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1052)