საკანი

ამერიკელი ცოლ-ქმრისა და ბავშვის მკვლელობისთვის 19 წლის მწყემსს უვადო პატიმრობა ემუქრება

327
(განახლებულია 16:58 09.07.2018)
უწყების ცნობით, დაკავებულმა მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვანის ცხედარი ზვავში დამალა.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik.  ხადას ხეობაში მწყემსმა ამერიკელი მამაკაცი და მისი შვილი  ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლა, ქალი კი გაქცევისას ხევში გადავარდა და დაიღუპა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მიმდინარე წლის 6 ივლისს „112"-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგული ტურისტების კუთვნილი ავტომობილი  და პირადი ნივთები აღმოაჩინეს. მაშველებმა დაკარგული 42 წლის ლორა სმიტი  6 ივლისს ავტომობილიდან  დაახლოებით 3 კილომეტრში,  ჩანჩქერის პირას  გარდაცვლილი იპოვეს. მისი მეუღლის, 43 წლის რაიან სმიტის ცხედარი კი 7 ივლისს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად სამართალდამცველებმა გუშინ გვიან ღამით  4 წლის ბავშვის ცხედარიც იპოვეს.  

სამართალდამცველებმა აღნიშნულ ფაქტზე დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს. დაკავებულმა დანაშაული აღიარა. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას 19 წლის მწყემსმა  სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რაიან სმიტსა და   მის შვილს, ხოლო ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, დაკავებულმა მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვანის ცხედარი ზვავში დამალა.

თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ კი  საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


327
თემები:
კრიმინალი საქართველოში (716)