წყალდიდობა ჭუბერში

როდის ააწყობენ ჭუბერში დროებით ხიდს

75
ხიდის მონტაჟს თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტები განახორციელებენ.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. ჭუბერში დროებითი ხიდის დამონტაჟებას 3-4 დღე დასჭირდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi  საავტომობილო გზების  დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, კობა გაბუნიას განცხადებაზე დაყრდნობით.
თავდაცვის სამინისტრომ ჭუბერში პანელური სამხედრო ხიდი ცოტა ხნის წინ ჩაიტანა. თავდაცვის სამინისტროსგან რეგიონში დამატებითი საინჟინრო ტექნიკის შეყვანა ჭუბერში არსებულმა საგანგებო შტაბმა მოითხოვა. მიზეზი სამანქანო ხიდის არ არსებობაა, რის გამოც მდინარე ნენსკრას მარცხენა ნაპირზე მცხოვრებ მოსახლეობასთან საავტომობილო კომუნიკაცია გართულებულია.
როგორც საგანგებო შტაბში აცხადებენ, ყველაზე სწრაფად სამანქანო კომუნიკაციის აღდგენა პანელური სამხედრო ხიდითაა შესაძლებელი, რომელიც ამ დროისთვის არსებულ პრობლემას მოაგვარებს და სამშენებლო ტექნიკა შეძლებს მდინარის მარცხენა ნაპირის გამაგრებას და აღდგენითი სამუშაოების წარმოებას.


კობა გაბუნიას თქმით, აღნიშნული კონსტრუქცია ძალიან მყარია, შესაბამისად სამხედრო ტექნიკის გადაყვანა მდინარე ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე ხიდის მეშვეობით მოხდება.
ასევე, 8 ივლისს პრეზიდენტმა ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვისთვის საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა.
სვანეთში, სოფელ ჭუბერში 5 ივლისს  უხვი ნალექის შედეგად მთის დიდი ნაწილი მოწყდა, ხოლო მდინარე ნენსკრა ადიდდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა დაანგრია ხიდები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, ადიდებულმა მდინარემ წაიღო სახლები. ჭუბერის ხეობა გარესამყაროს მოწყდა.
სტიქიის ზონაში ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია. უკვე გახსნილია ჭუბერის ორი ნაწილის დამაკავშირებელი სამანქანო გზა. ადგილზე შესულია დამატებითი მძიმე ტექნიკა.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური.

75