თვითმხილველი: ხადას ხეობაში ოთხი წლის ბავშვი მამას ზურგჩანთით მიჰყავდა

გამოწერა
ამ წუთებში ხადას ხეობაში არასრულწლოვანის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

თბილისი, 8 ივლისი —Sputnik. საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ამერიკელი ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ,  კლდიდან გადმოვარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ხადას ხეობაში მცხოვრები ზურაბ ბენიაიძის განცხადებაზე დაყრდნობით.

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმარი,  1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა, დაიღუპა. დაკარგულია მათი 4 წლის ვაჟიც. ოჯახის ძებნის ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც პარასკევს „112“–ში შეტყობინება შევიდა, რომ მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა. 

სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგული ტურისტების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს. მაშველებმა დაკარგული ტურისტი ქალი 6 ივლისს  ავტომანქანიდან  დაახლოებით 3 კილომეტრში, ჩანჩქერის ძირში გარდაცვლილი  იპოვეს. რაიან სმიტის ცხედარი კი  7 ივლისს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.

ამ წუთებში ხადას ხეობაში 4 წლის ბავშვის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. წყალქვეშა სამძებრო სამუშაოების გარდა, ხეობაში შესულია 25 მაშველი. ხეობა ტურისტებისთვის დაკეტილია.

პოლიცია - Sputnik საქართველო
ცოლ–ქმრის საზარელი სიკვდილი და დაკარგული ბავშვი – რა მოხდა საქართველოში

ზურაბ ბენიაიძის განცხადებით, ცოლ-ქმრის ოჯახს კარავი მისი სახლიდან 100 მეტრში ჰქონდა გაშლილი.

„სავარაუდოდ, კარავი მოამზადეს საღამოსთვის, მერე წავიდნენ ჩანჩქერზე და მოხდა უბედური შემთხვევა. დავიწყეთ ძებნა სავარაუდო ადგილების, სადაც ტურისტი მოძრაობს – ჩანჩქერებთან, საჩქეფებთან“, — განაცხადა ადგილობრივმა.

მისი ინფორმაციით, მწყემსმა დაინახა ჩანჩქერისკენ მიმავალი ცოლ-ქმარი. მამას ბავშვი ზურგჩანთით მიჰყავდა.

„როცა ჩანჩქერისკენ მიდიოდნენ, მწყემსი შეხვდათ, რომელმაც ნახა, რომ ბავშვი სპეციალური ზურგჩანთით მიჰყავდა კაცს, მაგრამ მამაკაცის ცხედართან ბავშვის კვალი ვერ აღმოვაჩინეთ. კაცის გვამი სულ შიშველი იყო, არც ზურგჩანთა ჰქონდა. ბავშვის საკიდი აღმოვაჩინეთ სულ სხვა ადგილას. მდინარის ნაპირები სულ შემოწმებულია. არაგვიდანაც კი შემოწმებულია. ბავშვი მსუბუქია და წყალს შეეძლო, არაგვამდე გაეტანა და არაგვს წაეღო“,- განაცხადა ბენიაიძემ.

გამოძიების ფარგლებში დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პირველადი დათვალიერებით, არცერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ორმაგი მოქალაქის სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული და შვიდი წელია, რაც საქართველოში, მარნეულში ცხოვრობდნენ.  რაიან სმიტი აზერბაიჯანული ხალიჩების ბიზნესით იყო დაკავებული.  იგი მარნეულში პირველი საბავშვო მოედნის მოწყობის ინიციატორი იყო და მოედნის მოწყობასთან დაკავშირებით ყველა ხარჯის საკუთარ თავზე აღებას გეგმავდა.


ყველა ახალი ამბავი
0