ოჯახური ძალადობა

ქალებს საქართველოში უმეტესად ოჯახური კონფლიქტების საფუძველზე კლავენ

32
(განახლებულია 15:48 19.06.2018)
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა „გაერო-ქალების" მხარდაჭერით ჩაატარა კვლევა ქვეყანაში ქალების გენდერული ნიშნით მკვლელობის პრობლემის შესახებ.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. გამოძიება 2017 წელს ქალების მკვლელობის 26 ფაქტზე დაიწყო, აქედან 14 შემთხვევაში იყო ოჯახური დანაშაულის ნიშნები, განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კვლევის პრეზენტაციაზე.

„2017 წელს ქალთა მკვლელობის მცდელობის მუხლით 15 ფაქტზე დაიწყო გამოძიება და მათგან ოჯახში ძალადობის ნიშნით 12 ფაქტი იყო ჩადენილი. ეს სტატისტიკა მიანიშნებს, რომ ქალთა მკვლელობების უმრავლესობა ოჯახში ძალადობას უკავშირდება და ამ შემთხვევაში სახალხო დამცველის უმთავრესი რეკომენდაციაა ფემიციდის, როგორც ცალკე მდგომი დანაშაულის განსაზღვრა", — განაცხადა ლომჯარიამ.

უშუალოდ სახალხო დამცველის აპარატის კვლევა 2016 წელს ჩადენილ დანაშაულებს ეხებოდა. უფლებადამცველებმა გააანალიზეს ამ პერიოდში ქალების მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის 11 საქმე და დაადგინეს, რომ ცხრა შემთხვევაში საქმე ეხება ოჯახურ ძალადობას. თუმცა, დანაშაულის მოტივი მხოლოდ შვიდ შემთხვევაში დადგინდა.

„ფემიციდის მაღალი რაოდენობა მჭიდროდაა დაკავშირებული როგორც ქვეყანაში არსებულ გენდერულ უთანასწორობასთან, ისე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პოლიტიკასთან და ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა დაცვის სისტემის ნაკლოვანებებთან", — აღნიშნულია კვლევაში.

უფლებადამცველებმა შესწავლილი საქმეებიდან გამოავლინეს მსხვერპლის მიმართ სექსისტური–დისკრიმინაციული დამოკიდებულება. მათ ეპყრობოდნენ როგორც საკუთრებას, აკონტროლებდნენ მათ საქციელს ან ითხოვდნენ დამორჩილებას.

მიუხედავად ამისა, საქმეების უმრავლესობაში, გარდა ერთისა, არც პროკურატურის ორგანოებს, არც სასამართლოს დისკრიმინაციულ მოტივზე ყურადღება არ გაუმახვილებია. რიგ საქმეებში მოტივი არ სახელდება, ხოლო რიგ საქმეებში მითითებულია ისეთი მოტივები, როგორიცაა ჩხუბი, შურისძიება, შეურაცხყოფა და ეჭვიანობა, აღნიშნულია კვლევაში.

სახალხო დამცველის აპარატმა ხელისუფლებისთვის რიგი რეკომენდაციები შეიმუშავა. მათ შორისაა სრულფასოვანი სტატისტიკის წარმოება სიძულვილის გამო ჩადენილი ოჯახური ძალადობისა და დანაშაულის ფაქტებზე, მსხვერპლისა და დაზარალებულთა დაცვის სისტემის გაუმჯობესება და მათი დახმარება.

სახალხო დამცველი ასევე იძლევა რეკომენდაციას, სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად გამოიყოს ქალის მკვლელობა, ყურადღება მიექცეს გენდერულ ფაქტორს სასამართლოში საქმის განხილვისას, ასევე გამოძიების მიმდინარეობისას ყურადღება მიექცეს დანაშაულის წინაისტორიას და გათვალისწინებულ იქნას საქმის სპეციფიკა სასამართლოში განხილვისას.

კვლევა ფემიციდის (ქალების მკვლელობა გენდერული ნიშნით) პრობლემებზე „გაერო-ქალების" მხარდაჭერით მომზადდა.

32
თემები:
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)