პატრული

ქობულეთში პოლიციის უფროსი მოკლეს

763
(განახლებულია 12:55 15.06.2018)
ადგილობრივების თქმით, პოლიცია ხის გადატანის პროცესს აკონტროლებდა, რა დროსაც მკვლელი პოლიციელს ზურგიდან მიეპარა და სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2

შემთხვევა ქობულეთის მუნიციპალიტეტში გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის უფროსი 27 წლის მამაკაცმა ცივი იარაღით მაშინ დაჭრა, როდესაც სოფელ ცეცხლაურის გავლით საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხის ტრანსპორტირება მიმდინარეობდა. ადგილობრივების თქმით, პოლიცია ხის გადატანის პროცესს აკონტროლებდა, რა დროსაც მკვლელი პოლიციის თანამშრომელს ზურგიდან მიეპარა და რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

დაჭრილი ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. იგი გამთენიისას გარდაიცვალა.

ამ დროისთვის დამნაშავე, რომელიც წარსულში წვრილმანი ხულიგნობისთვის არის ნასამართლევი, დაკავებულია.

მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე „განზრახ მკვლელობის" მუხლით არის აღძრული.

763
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1062)