ზვიად კუპრავა

რუსთაველის გამზირზე ოთხი პირი, მათ შორის, ზვიად კუპრავა დააკავეს

55
(განახლებულია 13:33 11.06.2018)
ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი კარვებში მანამდე აპირებენ დარჩენას, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. დღეს, დილით რუსთაველის გამზირზე პოლიციამ აქციის „ნუ მომკლავ" ორგანიზატორები და მონაწილეები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია რუსთაველის გამზირზე კვირას, 10 ივნისს განახლდა. საღამოს ზაზა სარალიძის თხოვნით დემონსტრანტებმა პარლამენტის წინ, ტროტუარზე გაშლილი კარვები გზის სავალ ნაწილზე გადაიტანეს, რის შემდეგაც რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.

რუსთაველზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა — შსს განცხადებას ავრცელებს>>>

შსს-ს მიერ დაკავებულებს შორის არიან აქციის ორგანიზატორები ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე.

„რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია 4 პირი: 1983 წელს დაბადებული ლ.ც., 1983 წელს დაბადებული ზ.კ., 1995 წელს დაბადებული დ.ჭ. და 1993 წელს დაბადებული ნ.გ.", – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი პოლიციამ კარვებიდან მოშორებით აიყვანა. მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია ზაზა სარალიძემ უკვე მიაწოდა სახალხო დამცველს.

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა გუშინაც დააკავეს სამი პირი. დაკავებას წინ უძღოდა შეხლა-შემოხლა, რომლის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

თბილისში საპროტესტო აქციების სერია 31 მაისს დაიწყო, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლომ სარალიძის და დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. ერთ-ერთი მათგანი სასამართლომ დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დაადანაშაულა, მეორე კი სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. ასე რომ, სარალიძის მკვლელი ამ დრომდე უცნობია.

იმავე დღეს, 31 მაისს თანამდებობიდან გადადგა საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. სარალიძის სიტყვებით, სამართლიანობის აღდგენისთვის ეს საკმარისი არ არის.

მოზარდები 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე №51 სკოლის მახლობლად მომხდარ მასობრივ ჩხუბს შეეწირნენ. დადუნაშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, სარალიძე კი მეორე დღეს საავადმყოფოში.

თბილისის ცენტრში გახარიას და წულუკიანის გადადგომას მოითხოვენ>>>

ზაზა სარალიძე და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი კარვებში იმ დრომდე აპირებენ დარჩენას, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. სარალიძე და მაჩალიკაშვილი მათი შვილების მკვლელების დაკავებას ითხოვენ. ამასთან, გუშინ მათ შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების გადადგომაც მოითხოვეს.

აქციაში „ნუ მომკლავ", საზოგადოების გარდა, მონაწილეობას იღებს რამდენიმე ოპოზიციური პარტია, მათ შორის, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", თუმცა პოლიტიკოსები განცხადებების გაკეთებას არ აპირებენ.

55
თემები:
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – პროტესტის ტალღა თბილისში–2018 (131)
ნაყოფის თოჯინა

ზუგდიდში დაურეგისტრირებელი ახალშობილი დამარხეს: შსს-მ გამოძიება დაიწყო

82
(განახლებულია 02:50 15.07.2020)
გამოძიებამ უნდა გასცეს მთავარ კითხვას პასუხი - ქალს მკვდარი ჩვილი გაუჩნდა თუ ახალშობილი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ზუგდიდში ახალგაზრდა ქალმა გააჩინა ბავშვი, რომელიც შემდეგ ბავშვის მამამ დამარხა, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

ქალმა ჩვილი დაქირავებულ ბინაში გააჩინა, შემდეგ დაურეკა ბავშვის მამას, რომელთანაც ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდა და ახალშობილი დაამარხინა.

ახალნამშობიარებმა საავადმყოფოს მას შემდეგ მიმართა, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ინციდენტის შესახებ სწორედ ქალის მიერ კლინიკაში მიმართვის შემდეგ გახდა ცნობილი.

ექიმები ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას მედიაში არ ავრცელებენ.

დედა, რომელმაც შვილი დაქირავებულ ბინაში გააჩინა, დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
ახალშობილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს მთავარ კითხვას პასუხი - ქალს მკვდარი ჩვილი გაუჩნდა თუ ახალშობილი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა.

ნიკა ლატარია

82
თემები:
შემთხვევები საქართველოში
სამაშველო ოპერაცია

გამოსამშვიდობებელი წერილი ავტომობილში... მტკვარში მესამე დღეა 31 წლის ქალს ეძებენ

129
(განახლებულია 19:35 14.07.2020)
სამძებრო სამუშაოებისთვის სპეციალური შტაბია შექმნილი. მდინარის პირას ნაპოვნია ქალის ავტომანქანა და გამოსამშვიდობებელი წერილი

თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. მცხეთაში მესამე დღეა, მდინარე მტკვარში დაკარგულ ახალგაზრდა ქალს ეძებენ, იუწყება ქართული მედია.

31 წლის ქალის ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მისმა მეგობარმა პოლიციას მისი გაუჩინარება შეატყობინა. მდინარის პირას ნაპოვნია ქალის ავტომანქანა და გამოსამშვიდობებელი წერილი.

არსებული ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებისთვის სპეციალური შტაბია შექმნილი.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

129
თემები:
შემთხვევები საქართველოში
მამაკაცი ნიღბით ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/15 ივლისი

86727
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ერთი თვის წინ მოიხსნა, მაგრამ მთავრობამ შეზღუდვების ნაწილი ძალაში დატოვა.

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა აგრძელებს კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, მაგრამ ამავე დროს მთავრობა და ეპიდემიოლოგები მოუწოდებენ მოქალაქეებს გამოიჩინონ სიფრთხილე და დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

  • დახურულ სივრცეებში, საჯარო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ოფისებსა და მაღაზიებში სავალდებულოა პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა;
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაუშვებელია პირბადის გარეშე ყოფნა;

  • ტაქსის მძღოლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, ტაქსით ორზე მეტი მგზავრის გადაყვანა არ შეიძლება, ისიც უკანა სავარძელზე;
  • აკრძალულია სპორტული ღონისძიებების გამართვა
  • კულტურული და გასართობი ღონისძიებების გამართვა დასაშვებია მხოლოდ ღია სივრცეებში, გამონაკლისია მუზეუმები;
  • კაზინოების და ტოტალიზატორების მუშაობა დაშვებულია მხოლოდ ონლაინ;
  • აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.);
  • ადამიანების თავშეყრის ადგილებში აკრძალულია სპლიტ-სისტემის კონდიციონერების გამოყენება, რომლებიც ჰაერს იღებენ შენობიდან, აგრილებენ და ისევ აბრუნებენ. დაშვებულია სამრეწველო კონდიციონერების გამოყენება, რომლებიც კონდიცირება-ვენტილაციის სისტემებს მოიცავს (ჰაერი შენობაში გარედან შეაქვს).

ამ მომენტისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა 999 ადამიანს შეადგენს, აქედან 870 გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა. კიდევ სამი ინფიცირებული მოქალაქე სამკურნალოდ სხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანეს.

საქართველო სხვა ქვეყნებისთვის კორონავირუსთან ბრძოლაში სამაგალითოა >>

15 ივნისიდან აღდგა შიდა ტურიზმი, ხოლო 1 ივლისიდან საქართველო საზღვრებს უცხოელი ტურისტებისთვის გახსნის.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და შეიმუშავებს ახალ რეკომენდაციებს და შეზღუდვებს.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 5640, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 244 ადამიანია.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ენდონ. ყველა ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

„ცხელი ხაზის“ ნომრები: ცხელი ხაზი კარანტინის რეჟიმის საკითხებზე – 144. საქართველოს ჯანდაცვა – 15 05 (დღე-ღამის განმავლობაში); დაავადებათა კონტროლის ცენტრი – 116 001 (21:00-მდე სამუშაო დღეებში და 18:00-მდე დასვენების დღეებში).

ყველა მოხალისეს, რომელსაც აქვს დრო და სურვილი დაეხმაროს ხანდაზმულ ადამიანებს, ასევე მათ, ვისაც სპეციალური დახმარება ესაჭიროება, შეუძლია დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე (032)2722222 და წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე - 0800 000 018.

 

86727
თემები:
COVID-19 საქართველოში