ციხის საკანი

მირზა სუბელიანს პატიმრობა შეეფარდა

163
(განახლებულია 22:39 10.06.2018)
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 ივლისს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებულ პროკურატურის ყოფილ თანამშრომელს, მირზა სუბელიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მირზა სუბელიანს ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა), რომელიც ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე ითვალისწინებს.

რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას, ადვოკატები მირზა სუბელიანის მიმართ ალტერნატიული სახით 5000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდნენ.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 ივლისს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

მირზა სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით შაბათს დააკავეს.

ერთ-ერთი მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი პირველ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, ხოლო დავით სარალიძე 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სასამართლომ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წლითა 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს — 9 წელი და 9 თვე.


163
თემები:
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – პროტესტის ტალღა თბილისში (104)