იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფო

ავარია გომბორზე: ბოლო ცნობები დაშავებულების შესახებ

124
(განახლებულია 16:45 10.06.2018)
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საავტომობილო გზიდან გადავიდა და გადავარდა.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ერთ-ერთი მოსწავლე ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, სტაციონარულ მკურნალობას განაგრძობენ სხვა დაშავებულებიც, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

უბედური შემთხვევა გუშინ, 9 ივნისს მოხდა. გომბორის უღელტეხილზე კახეთის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი საავტომობილო გზიდან გადავიდა, ამობრუნდა და ხევში გადავარდა. მიკროავტობუსით თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები და მშობლები კახეთში ექსკურსიაზე მიდიოდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. 21 დაშავებული ადამიანი კი თელავისა და თბილისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

გომბორზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტებიდან თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში ამ დროისთვის ხუთი არასრულწლოვანი და სამი ქალი რჩება. დღის ბოლომდე, სავარაუდოდ, შვიდ პაციენტს ბინაზე გაწერენ.

„პოსტოპერაციულ ავადმყოფს უახლოეს პერიოდში გადავიყვანთ თბილისში. დანარჩენებსაც მალე გავწერთ ბინაზე. ნაოპერაციები გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შემდგომ მკურნალობას თბილისში გააგრძელებს“, —  განაცხადა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების უფროსმა, მარიამ მრელაშვილმა.

ასევე,  გომბორის უღელტეხილზე დაშავებული სამი არასრულწლოვანი თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. ისინი თელავის რეფერალური საავადმყოფოდან თბილისში გუშინ გადაიყვანეს. როგორც კლინიკის პრეს-სამსახურში აცხადებენ, ერთი დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ავარიის დროს დაშავებული ოთხი პაციენტი კი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მკურნალობს.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საავტომობილო გზიდან გადავიდა და გადავარდა. 

მძღოლი, რომელიც  მიკროავტობუსს მართავდა, დაკავებულია.  მას ბრალად ედება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მძღოლს 6-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


124
თემები:
შემთხვევები საქართველოში (805)