შსს-მ ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების ახალი დეტალები გაამჟღავნა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, რომ თბილისის ღამის კლუბებში აღმოჩენილი ნარკოტიკების სახეობები ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. თბილისის ცნობილ ღამის კლუბებში Bassiani და Cafe Gallery საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა სხვადასხვა სახის ნარკოტიკები ამოიღეს, განაცხადა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

12 მაისს, ღამით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაციები თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში ჩაატარა, მაგრამ აჟიოტაჟი გამოიწვია მოვლენებმა „ბასიანსა" და „გალერიში". როგორც მოგვიანებით გამოირკვა, ნარკოტიკების რეალიზაციაში ბრალდებულები კლუბებს მიღმა დააკავეს. მათ შორის აღმოჩნდა „გალერის" დაცვის ხელმძღვანელი, რომელსაც, სამინისტროს ინფორმაციით, აკრძალული აბების დიდი რაოდენობა აღმოუჩინეს. სასამართლომ ყველა დაკავებულს გამოძიების პერიოდში თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„კლუბ „ბასიანსა" და „გალერიში" ჩატარებული ჩხრეკისას 34 ლოკაცია აღმოაჩინეს, საიდანაც სხვადასხვა სახის საეჭვო ნივთიერებები იქნა ამოღებული. ზოგი იყო სუბსტანციის სახით, ზოგი აბის სახით. ამიტომ მათი ოდენობისა და ქიმიური შემადგენლობის შესახებ აუცილებელია, რომ დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც პასუხებს გასცემს, თუ რა ნივთიერებებია ესენი", — განაცხადა ბორცვაძემ.

აქცია რუსთაველზე - Sputnik საქართველო
შსს-მ „კლუბური აქციის" მისამართით გამოთქმული მუქარისთვის სისხლის სამართლის საქმე აღძრა

მას შემდეგ, რაც სპეცრაზმი შევიდა კლუბებში და იქიდან სტუმრები გამოიყვანა, იქ მყოფნი და მათთან სოლიდარული ადმაიანები „ბასიანთან" შეიკრიბნენ და შსს-ს მოქმედება გააკრიტიკეს. ერთ-ერთმა განაცხადა, რომ დაინახა, როგორც ყრიდნენ პოლიციელები ნარკოტიკებს კლუბში.

„მე პირადად ვესწრებოდი ამ საგამოძიებო მოქმედებას, რა თქმა უნდა, ყველა მოქმედებისთვის დეტალურად თვალი არ მიდევნებია. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება, მაგრამ ჩვენ ამ ადამიანს დავკითხავთ მოწმის სახით და ამ ვერსიას შევამოწმებთ. თუ ეს დადასტურდება, რომ რეალურად ასე მოხდა, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. მაგრამ თუ დადასტურდა, რომ ასეთი ფაქტი არ ყოფილა, ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას და ამას შესაბამისი რეაგირება შეიძლება მოჰყვეს", — დასძინა ბორცვაძემ.

კლუბების მფლობელები ნარკოტიკების გაყიდვაში მონაწილეობას უარყოფენ და აცხადებენ, რომ შესვლისას თითოეულ სტუმარს ამოწმებენ, რათა მან რაიმე აკრძალული არ შეიტანოს კლუბში.

„ჩვენ ვჩხრეკთ აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ვინც კლუბში შემოდის. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არც დანა ან რაიმე უკანონო იარაღი არ შემოიტანონ. ჯერ დაზუსტებით არ ვიცით, რამდენი ნარკოტიკია ამოღებული, რომელი ლოკაციებიდან. როგორც კი გავიგებთ დეტალებს, დავსვამთ კითხვებს შესაბამისად – საიდან აღმოჩნდა, ვინ შეიტანა მაშინ, როდესაც შსს ადასტურებს, რომ მენეჯმენტს ამასთან კავშირი არა აქვს", — განაცხადა "ბასიანის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზვიად გელბახიანმა.

მიუხედავად ამისა, პოლიციამ უკვე დაიწყო კლუბების მფლობელებისა და ხელმძღვანელების დაკითხვა. გუშინ გვიანობამდე გამომძიებლის კითხვებს პასუხობდა „გალერის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ალექსანდრე ანთაძე.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
ჩვენს შორის კედელი არ არსებობს - პრემიერის კომენტარი საპროტესტო აქციაზე

გასულ უქმეებზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ახალგაზრდული ორგანიზაცია „თეთრი ხმაურის მოძრაობის" ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც „კლუბური აქციის" მონაწილეები 12 მაისს თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას პოლიციელთა ქმედებებს აპროტესტებდნენ. მომიტინგეები აცხადებდნენ, რომ მხარს უჭერენ ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ ბრძოლას, თუმცა შსს-ს მეთოდები მათთვის მიუღებელია.

ყველაზე დაძაბული კვირა დღის საღამო აღმოჩნდა, როცა „საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის" წევრებმა კონტრაქცია გამართეს და პერიოდულად პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ. აქციის მონაწილეებს ნაციონალისტური დაჯგუფების მომხრეების თავდასხმისგან პოლიციის კორდონები და წყლის ჭავლის მანქანები იცავდნენ.

ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც „კლუბური აქციის" მონაწილეებთან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა, რომელმაც შეკრებილთ ბოდიში მოუხადა. მან აქციის მონაწილეებს პირობა მისცა, რომ ყველა ის პირი, რომელთა უფლებამოსილების გადაცდომაც დადასტურდება, პასუხს აგებს, ამასთან განახლდება ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე მუშაობა.

ყველა ახალი ამბავი
0