ცხრა კილოგრამი „ჰაშიშის“ შემომტან პირს პატიმრობა შეეფარდა

ცხრა კილოგრამი „ჰაშიშის“ შემომტან პირს პატიმრობა შეეფარდა

114
(განახლებულია 00:09 15.04.2018)
ბუდას ქანდაკებებში აღმოჩენილი ნარკოტიკული ნივთიერება თბილისელმა ადრესატმა ნეპალიდან გერმანიის გავლით მიიღო.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. ცხრა კილოგრამი „ჰაშიშის“ საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

12 აპრილს ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით თბილისში დაკავებული გიორგი კიკვალიშვილს აღმკვეთ ღონისძიებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს იმსჯელეს.

დაცვის მხარე სასამართლოს ალტერნატიული აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას სთავაზობდა, თუმცა მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ ადვოკატების პოზიცია არ გაითვალისწინა.

პროკურორ გიორგი მუკბანიანის განცხადებით, ბრალდებულის შემთხვევაში არსებობდა მტკიცებულების განადგურების, მოწმეებზე ზეწლის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის რისკები.

გიორგი მუკბანიანმა ასევე აღნიშნა, რომ ჩასატარებელია მთელი რიგი ექსპერტიზები, დასადგენია თანამზრახველთა ვინაობა და ნარკოტიკული ნივთიერების საქართველოში შემოტანის მოტივი. 

დაკავებულის ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა კი მოსამართლეს განუცხადა, რომ „რეალურად არ არსებობს მტკიცებულება, რომ აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერება მართლაც ბრალდებულს ეკუთვნის, ან დაკავებულს რაიმე სახის შემხებლობა მაინც ჰქონდა ამ ყველაფერთან“.

ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის განმარტებით, გიორგი კიკვალიშვილს რამდენიმე წლის წინ საზღვარგარეთ გაცნობილი მეგობარი დაუკავშირდა, რა დროსაც მას უთხრა, რომ საქართველოში აგზავნიდა ამანათს.

„გიორგი კიკვალიშვილს მეგობარმა სთხოვა, რომ გამოეტანა და რამდენიმე დღით შეენახა, მოგვიანებით კი ამ ნივთს თავად ან სხვა მეგობარი წაიღებდა. აღნიშნული კონტაქტი კი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ხდებოდა”, – განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არათუ დამნაშავე, არამედ მსხვერპლია.

1992 წელს დაბადებული გიორგი კიკვალიშვილი ამანათების საერთაშორისო კომპანია DHL-ის ოფისთან 12 აპრილს დააკავეს. 

სამართალდამცველების განცხადებით, მათ ოპერატიული ინფორმაცია გერმანელმა კოლეგებმა მიაწოდეს. ოთხი ქანდაკება კი, რომელშიც ნარკოტიკული ნივთიერება იყო დამალული, ნეპალიდან გერმანიის გავლით საქართველოში იყო გამოგზავნილი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 262-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

114
თემები:
კრიმინალი საქართველოში (581)