სარფის გამშვები პუნქტი

საზღვრის უკანონო გადაკვეთა: დაკავებულია თურქეთის ორი მოქალაქე

173
(განახლებულია 00:21 15.04.2018)
თურქეთის მოქალაქეები საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთას ცდილობდნენ

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ხელვაჩაურსა და სარფში თურქეთის ორი მოქალაქე დააკავა, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით ერთი მათგანი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით სამართალდამცველებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მურმანეთში დააკავეს. მან სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

ხოლო თურქეთის მეორე მოქალაქე კი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა პირველი სამმართველოს (ბათუმი) N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ის სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის მიმართულებით ცდილობდა.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

173
თემები:
კრიმინალი საქართველოში (425)