თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ავსტრიაში ქურდობის ბრალდებით ორი ქართველი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები ქალაქ ლინცში აიყვანეს. ისინი 26 და 27 წლის ახალგაზრდები არიან.
საქართველოს მოქალაქეებს გამოძიება ავსტრიის სამ ქალაქში ქურდობის 11 შემთხვევას ედავება. მოპარული ნივთების საერთო ღირებულება 3 ათას ევროს აღწევს. პოლიციამ დამნაშავეების დაკავება მაშინ მოახერხა, როცა ისინი ყალბი გერმანული სანომრე ნიშნით ავტომობილს მართავდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ძირითადად ტანსაცმლისა და ელექტროტექნიკის მაღაზიებს ქურდავდნენ. ერთ-ერთ ბრალდებულს ფალსიფიცირებული მართვის მოწმობა აღმოაჩნდა.
სამართალდამცველებმა დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.