საქართველოს ექს-პროკურორზე ვიდეოს გამავრცელებლებს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურის შენობა
საქართველოს პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექს-პროკურორ მილენა მითაიშვილის ირგვლივ სკანდალი უკვე ორი თვე გრძელდება

თბილისი, 31 მარტი— Sputnik. სოციალურ ქსელ Facebook-ში ყოფილ პროკურორ მილენა მითაიშვილის შესახებ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების გამო საქართველოს პროკურატურამ მის ყოფილ მეუღლე რივერა ბენდელიანს, მის ადვოკატსა და მათი შვილის ძიძას ბრალდება წაუყენა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ყოფილმა მეუღლემ თანაცხოვრების პერიოდში, მისი მეუღლის ნების საწინააღმდეგოდ მობილური ტელეფონით უკანონოდ გადაუღო მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო. მათ შორის წარმოშობილი ოჯახური კონფლიქტის პერიოდში, და მისი მეუღლის დისკრედიტაციის მიზნით გადაწყვიტა ჩანაწერის სოციალურ ქსელ Facebook-ის საშუალებით  გავრცელება. მან ეს გაანდო თავის ადვოკატს, რომელმაც თავის მხრივ მის გავრცელებაში დახმარება აღუთქვა.   

2017 წლის 5 დეკემბერს, ექს-პროკურორის მეუღლემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ზემოხსენებული ვიდეოჩანაწერი, ადვოკატმა 6 დეკემბერს გააზიარა ეს პოსტი და დაურთო ღირსების შეურაცხმყოფელი წარწერა.

ძალადობა - Sputnik საქართველო
3 თვეში საქართველოში ოჯახური ძალადობის ბრალდებით 855 პირი დააკავეს

აღნიშნული ქმედებების შედეგად ჩანაწერი ასევე ხელმისაწვდომი გახდა მითაიშვილის მცირეწლოვანი შვილის ყოფილი ძიძისთვის,  რომელიც კონფლიქტურ სიტუაციაში იმყოფებოდა მითაიშვილთან. 2018 წლის 1 თებერვალს მანაც დაპოსტა ჩანაწერი სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე.

„პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის სოციალურ ქსელში უკანონო გავრცელებამ გამოიწვია მ.მ.-ს პირადი ღირსების შეურაცხყოფა და  მიადგა მორალური ზიანი“, — ნათქვამია საქართველოს პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გამომძიებლებმა  ბრალდებულთა საცხოვრებელ ბინებში და ოფისში ჩაატარეს ჩხრეკა და მათ კომპიუტერებში აღნიშნული ვიდეომასალა აღმოაჩინეს. იქ ასევე აღმოჩნდა მიმოწერა, რომლითაც დასტურდება, რომ მათ წინასწარ დაგეგმეს ამ ვიდეოჩანაწერის გავრცელება. 

სამივეს წარედგინა ბრალდება სსკ-ის 157-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილით („პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ევალებოდა ამ ინფორმაციის ან მონაცემების დაცვა ან რომელმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით“).

ბრალის დადასტურების შემთხვევაში ბრალდებულებს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამასთან, მედიის მონაცემებით, მითაიშვილის ბავშვის ორმა ყოფილმა ძიძამ ის მუქარასა და დამამცირებელ მოპყრობაში დაადანაშაულა. ერთ-ერთი ძიძის თქმით, მითაიშვილმა ის აიძულა ცრუ ჩვენება მიეცა იმის შესახებ, თითქოს მას ქმარი სცემდა. მითაიშვილმა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ეს უკავშირდება მისი ყოფილი ქმრის ინტერესებს, რომელიც ბინიდან მის და მისი შვილის გასახლებას ცდილობს.

ამ მოვლენების შემდეგ მითაიშვილმა პროკურატურაში დაკავებული თანამდებობა დატოვა.


ყველა ახალი ამბავი
0