კალაძე: უხარისხო მუშაობის შედეგი ფეხდაფეხ მოგვყვება

© Sputnik / Levan AvlabreliЧП в метро Варкетили
ЧП в метро Варкетили - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეტროს სადგურ „ვარკეთილში" მომხდარი შემთხვევის გამო დაზარალებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების ხარჯებს თავის თავზე მერია და ჯანდაცვის სამინისტრო აიღებენ.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. თბილისში დეტალურად შემოწმდება ყველა ობიექტი — ბაღები, სპორტული კომპლექსები, მეტროს სადგურები და ყველა დამნაშავე დანაშაულის შესაბამისად აგებს პასუხს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

დღეს მეტროს სადგურ „ვარკეთილში" ე.წ. დაკიდული ჭერის კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი პოლიციელია. ისინი სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამედიცინო მომსახურების ხარჯებს თავის თავზე მერია და ჯანდაცვის სამინისტრო აიღებენ.

„ეს სადგური ახალი გარემონტებული იყო. სახეზე გვაქვს სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის უპასუხისმგებლობა. აღნიშნული სამუშაოები შეასრულა კომპანია "ყვარელრემმშენმა" და მისი ჯამური ღირებულება 347 852 ლარს შეადგენს. რამდენიმე თვეში ეს შედეგი მივიღეთ. ჩვენ გვაქვს კითხვები და ამას დროულად უნდა გაეცეს პასუხი", – განაცხადა კალაძემ.

სადგურ „ვარკეთილში" სამუშაოები 2016 წელს დაიწყო და 2017 წლის აგვისტოში დასრულდა, მეტროს განახლებული სადგური კი ექსპლუატაციაში 2017 წლის სექტემბერში შევიდა.

კალაძის თქმით, „ვარკეთილის" სადგურში მომხდარ შემთხვევაზე შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება უკვე დაიწყეს.

„ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ მომხდარის მიზეზები დადგინდეს და ყველამ დანაშაულის შესაბამისად აგოს პასუხი. არ და ვერ ეპატიება არც ერთ კომპანიას, არც ერთ ადამიანს, ვისი არაჯეროვანი და უპასუხისმგებლო მოქმედებებით თუნდაც ერთი მოქალაქის ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას, ან სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე დაემუქროს", — განაცხადა მერმა.

თბილისის მერი კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მომხდარის გამო დროებით თბილისის მეტროში მატარებლები სადგურ „ახმეტელის თეატრიდან" „300 არაგველამდე" იმოძრავებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში დაკიდული ჭერის ჩამონგრევის დროს მგზავრთა ნაწილი მატარებლის ვაგონებში იმყოფებოდა, ნაწილი კი მოსაცდელ დარბაზში. შემთხვევის დროს გაითიშა ელექტროენერგიაც და მოხდა დაკვამლიანება.

დაშავებულების უმეტესობას მოტეხილობები აღენიშნება. ერთ-ერთ მათგანს კი დაზიანებული აქვს ხერხემალი.

საქართველოს დედაქალაქში მეტრო 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში რიგით მეოთხე იყო — მოსკოვის, პეტერბურგისა და კიევის შემდეგ.

თბილისის მეტროპოლიტენი ყოველდღიურად 290 ათასამდე მგზავრს ემსახურება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში მგზავრთა რაოდენობით მეტრო სამარშრუტო ტაქსებისა და ავტობუსების შემდეგ მესამე ადგილს იკავებს.

2017 წელს თბილისში სამი სადგური გარემონტდა — „ახმეტელის თეატრი", „ავლაბარი" და „ვარკეთილი". 16 ოქტომბერს თბილისში მეტროს ახალი, რიგით 23-ე  სადგური — „სახელმწიფო უნივერსიტეტი" გაიხსნა.

2018 წელს მეტროს 11 სადგურის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

ყველა ახალი ამბავი
0