საპატრულო პოლიციის თანამშრომელი

შსს-მ გახსნილი საქმეების შესახებ ანგარიში წარადგინა

21
გახსნილი საქმეების რიცხვში აღმოჩნდა DVD-პლეიერის, ვიდეომაგნიტოფონისა და ჩილიმის ქურდობის საქმეები

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. შსს-ს თანამშრომლებმა ბოლო თვეში ჩადენილი ორი ყაჩაღური თავდასხმა და ხუთი ქურდობა გახსნეს, განაცხადა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ.

თბილისში ორშაბათს დააკავეს „საქართველოს ბანკის“ ქუთაისის ერთ-ერთ ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული 35 წლის მამაკაცი.

გამოძიება ამტკიცებს, რომ გადაჭრილი თოფით შეიარაღებული ბრალდებული ბანკის შენობაში შეიჭრა. მან გაისროლა და ბანკის კლიენტი დაჭრა, შემდეგ კი სალაროდან 1800 ევრო, 5500 დოლარი და 1800 ლარი აიღო და მიიმალა.

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნაქურდალის დიდი ნაწილი ამოიღეს. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებული მანამდე ქურდობის, ძარცვისა და ყაჩაღობისთვის იყო ნასამართლევი.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 179-ე და 109-ე მუხლებით („ყაჩაღობა“ და „განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, რომელიც ჩადენილია სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით“), რაც 11-დან 14 წლამდე პატიმრობით ისჯება.

იანვრის დასაწყისში კიდევ ერთი ყაჩაღური თავდასხმა ხაშურის რაიონის სოფელ კლდისწყაროსთან მოხდა. ელექტროშოკერით და ცივი იარაღით შეიარაღებულმა ოთხმა პირმა დააბეს ორი ადამიანი, წაართვეს მათ 1800 ლარი, მობილური ტელეფონები და მიიმალნენ.

ბრალდებულები უკვე დააკავეს, მათ ჩადენილი დანაშაული აღიარეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 179-ე მუხლით „პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილი ყაჩაღობა“, რაც 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა გახსნეს ქურდობები, რომლებიც ბათუმში ნინოშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სამ ბინაში მოხდა. გამოძიების მონაცემებით, ორმა ბოროტმოქმედმა დაახლოებით 4000 ლარის ღირებულების საყოფაცხოვრებო ტექნიკა მოიპარა.

ბრალდებულები იმავე საცხოვრებელ სახლთან ახლოს, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

გარდა ამისა, გახსნილია DVD-პლეიერის, ვიდეომაგნიტოფონისა და set-top box-ის ქურდობა გორის რაიონის სოფელ ქიწნისში და ქალაქ ახალციხეში რესტორან „თოლიადან“ ჩილიმის მოპარვის ფაქტი.

პირველ შემთხვევაში დაკავებულია ერთი პირი, მეორეში — სამი.


21
თემები:
კრიმინალი საქართველოში (288)